
"მესმოდა რაციაში გადაცემული ბრძანებები:"თავი არ წამოაყოფინოთ, ესროლეთ პირდაპირ..."
20/06/2019 23:32:41 ციტატა
"სასწრაფოს მანქანებთან რიგები იყო გალერეის მხარესაც და კინო რუსთაველის მხარესაც, ჩვენს ბექა ციცქიშვილს თვალთან მოხვდა ტყვია, ძვალი აქვს დაზიანებული, სამი დაჭრილი თვითონ მე მივაცილე სასწრაფომდე, გოგონას თვალში ჰქონდა პირდაპირ მოხვედრილი, დაშავდნენ ჟურნალისტები და რასაც დავაკვირდი, ყველას სახეში ჰქონდა ჭრილობა, სწორედ თავში და უმეტესობას - სახეში!
ტელეფონი დამეკარგა ზემოთ, კიბეებზე, როცა საბოლოოდ დაშალეს იქ ხალხი და მეც ბლომად გაზი ვყლაპ[ე, საძებრად მივბრუნდი, გამოდიოდნენ და გამოდიოდნენ პოლიციელები, უნებურად მესმოდა რაციაში გადაცემული ბრძანებები და ისიც, ერთმანეთს რასაც ეუბნებოდნენ: "როგორც კი დაინახავთ, თავი არ წამოაყოფინოთ, ესროლეთ პირდაპირ, მაგათი დედაც მ***ნ" - ასე ეხმიანებოდნენ ერთმანეთს ეს "წინასგან განსხვავებით ჰუმანური" პოლიციელები.
ქაშუეთის ქვემოთ გარბოდა ხალხი, იქაც დააწიეს ცრემლსადენი გაზი, ერთ სასწრაფოს მანქანაში დაზიანებული პატრულ-პოლიციელი იჯდა, ცხვირზე ჰქონდა ტყვია მოხვედრილი.
ჯორჯაძის ქუჩით ქვემოთ რომ დაიძრა ხალხი, შეჯგუფული პატრული დაინახეს, 5-6 ალბათ.
შემოეხვივნენ, ტაში დაუკრეს და "გავრილოვის პოლიციელები" ეძახეს, ხმა არ ამოუღიათ ბიჭებს, თავდახრილები იდგნენ, მე შემრცხვა მათ ნაცვლად..."
წერს ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრი ლაშა ბერულავა სოციალურ ქსელში.