აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის მრჩეველმა რუსეთს 1 მლნ რუბლის ოდენობის პირადი ვალი დაუფარა

11-08-2020 15:06:53 კონფლიქტები

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის მრჩეველმა საერთაშორისო საკითხებში ახრა ავიძბამ რუსეთის სახელმწიფოს მიმართ დაახლოებით 1 მლნ რუბლის ოდენობის ვალი დაფარა. ამის შესახებ “ტასს” კრასნოდარის მხარის სააღსრულებო ბიუროში განუცხადეს.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ავიძბას რუსეთის სახელმწიფოს მიმართ გადასახდელი ჯარიმის სახით 300 000 და გადასახადების სახით დაახლოებით 600 000 რუბლი ემართა.

«ვალი სრულადაა დაფარული და რამდენიმე დღეში ავიძბას მიმართ დაწესებული შეზღუდვები მოიხსნება», – განაცხადეს უწყებაში.

7 აგვისტოს სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, რომელზეც ასახულია, როგორ არ ემორჩილება შავი ფერის “ტოიოტას” მძღოლი რუსი მესაზღვრეების მოთხოვნას, მანქანით ანგრევს ზღუდეს და ამ გზით აღწევს აფხაზეთის ტერიტორიაზე. მოგვიანებით ავიძბამ დაადასტურა, რომ ამ ინციდენტში მონაწილეობდა. დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კი განაცხადეს, რომ ინციდენტს მისი მონაწილეობით შესაბამისი რეაგირება მოჰყვებოდა.

• ახრა ავიძბა დონბასის ომის აქტიური მონაწილე და “დონეცკის სახალხო რესპუბლიკის გმირი” გახლავთ. იგი აქტიურად მონაწილეობდა ასევე აფხაზეთის პოლიტიკურ კრიზისში, რომელიც დე ფაქტო პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას გადადგომით დასრულდა. თავის დროზე ხაჯიმბას ოპოზიციაში მისი გადასვლის მთავარ მიზეზად 2019 წლის 22 ნოემბერს ავიძბას ძმის – კრიმინალურ ავტორიტეტ ალხას (ხასიკ) ავიძბას მკვლელობა იქცა.

• ავიძბა საერთაშორისო საკითხებში დე ფაქტო პრეზიდენტის მრჩევლად მიმდინარე წლის იბვნისში დაინიშნა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები