რა მოტივით მოკლეს შაქარაშვილი – ოჯახის ადვოკატის ვერსია
11/08/2020 18:18:34 სამართალი
19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის ოჯახის ნათესავმა და ადვოკატმა მირიან ნიკოლაძემ „ფორმულას“ ეთერში მკვლელობის სავარაუდო მოტივზე ისაუბრა.
მისი თქმით, განიხილებოდა არასტანდარტული და სტანდარტული ვერსიები:
„ვეძებეთ უამრავი მიზეზი – სტანდარტული, არაორდინალურიც კი. მიზეზი, რომელიც ჯერ–ჯერობით ალბათ, ყველაზე ახლოსაა რეალობასთან, ეს გახლავთ ზოგადი აგრესია ადამიანების, როდესაც უბანი უბანთან ცდილობს ანგარიშსწორებას. გიორგი იქ ასოცირდებოდა "საბურთალოელებთან" არა იმიტომ, რომ ჩხუბში მიიღო მონაწილეობა (ყველამ იცოდა, რომ არ მიუღია მონაწილეობა – აშველებდა), მაგრამ წვეულების დროსაც „საბურთალოელებთან“ იყო (საბურთალოელების წრეში ფეხბურთელები იყვნენ, რომლებსაც გიორგი იცნობდა). „ნახალოვკელების“ თვალში გიორგი საბურთალოს ჯგუფთან ასოციდებოდა. დარწმუნებული ვარ, ქათანაძეც და ახვლედიანიც [შაქარაშვილის თანმხლები პირები] შემთხვევით გადაურჩნენ „მერსედესის“ პირველ შემოსევას [მერსედესის მგზავრები პირველად დაესხნენ თავს მაგისტრალზე შაქარაშვილს და მის თანმხლებ პირებს]. ვიღაცამ დაიძახა, „პოლიცია მოდისო“, თუ რაღაც მოეჩვენათ და გაიქცნენ...ფაქტია, რომ ნებისმიერი ბავშვი შესაძლოა, მსხვერპლი გამხდარიყო. მე არ გამოვრიცხავ ამ სტანდარტულ მოტივსაც, რომ ვინც ამ გამხეცებულმა არაკაცებმა ჩაიგდეს ხელში, იმას გაუსწორდნენ და ეს იყო გიორგი. [...] ამირხანაშვილი წამოიყვანეს როგორც ალიბი, „მკვლელობა რომ გვდომებოდა, აგერ ადამიანი წამოვიყვანეთო“. სად გინახავთ, ასეთი მძიმე დაპირისპირების შემდეგ – ნახევარი კილომეტრი სდიეს ბავშვებს, – „გინდა თუ არა თბილისში წამოგვყევიო“ და მანქანაში ადგილი არ ჰქონდეთ... სხვა ფაქტს თუ მაჩვენებთ, ვიტყვი, რომ ჰუმანურები იყვნენ“,– ამბობს შაქარშვილის ბიძა, და დასძენს, რომ საქართველოში განზრახ მკვლელობების უდიდესი ნაწილი უმიზეზოდ ხდება“.
რაც შეეხება არაორდინალურ ვერსიებს, მისი ცნობით, განიხილებოდა სასიყვარულო ისტორიები, წამქეზებლობა და ა.შ.
კითხვაზე, რატომ გადააგდეს შაქარაშვილი წყალში, იმიტომ ხომ არა, რომ გარდაცვლილი ეგონათ, ბიძა პასუხობს:
„ეს ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციაა, რომელიც საქმეში არ ფიგურირებს, რომ თან სცემეს და თან ჩაახრჩვეს წყალში“.
ცნობისთვის: „ტოიტა–ქამრის“ ექვსი მგზავრიდან ხუთს 11 აგვისტოს ბრალი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფური მკვლელობისთვის წარუდგინეს. პროკურატურის ვერსიით, ჯგუფი შაქარაშვილს ჯერ სასტიკად გაუსწორდა, შემდეგ კი წყალში გადააგდო.


