
გიორგი გახარია: "ამ მომენტისთვის ქვეყანაში 751 ტურისტი იმყოფება"
12/08/2020 08:43:02 საშინაო პოლიტიკა, ეკონომიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, ქვეყანაში 5 ქვეყანასთან საზღვრის გახსნის შემდეგ 751-ზე მეტი ტურისტი შემოვიდა. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
"მოგეხსენებათ, რომ ნაცვალგების პრინციპიდან გამომდინარე, რამდენიმე ქვეყანას ჩვენ საზღვრები გავუხსენით. დღეის მონაცემებით, ამ მიმართულებით ქვეყანაში უკვე შემოსულია 1520 განაცხადი და ამ მომენტისთვის ქვეყანაში 751 ტურისტი იმყოფება", – განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, ბიზნესვიზიტორების რაოდენობა 4000 ადამიანს ასცდა.
8 ივლისს მთავრობამ გამოაცხადა, რომ საზღვარს "უპირობოდ" ხსნიდა გერმანიის, საფრანგეთის, ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის მოქალაქეებისთვის, თუ ისინი ამ ქვეყნებიდან პირდაპირი რეისით ჩამოფრინდებოდნენ. მათ მოქალაქეებს საკარანტინო სივრცეში მოთავსების გარეშე მიიღებს საქართველო. საკარანტინო სივრცეში არ მოუწევთ მოხვედრა საქართველოს იმ მოქალაქეებსაც, რომლებიც ამ 5 ქვეყნის რეზიდენტები (ცხოვრების უფლების მქონენი) არიან.