
"თბილისში დაინერგება გონიერი, ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემა"
12/08/2020 09:33:59 საშინაო პოლიტიკა, საზოგადოება
თბილისის მერ კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქის გზებზე საცობების შემცირების მიზნით თბილისის მასშტაბით გონიერი, ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემის დანერგვა იგეგმება.
მისი თქმით, სისტემა შედგება შუქნიშნებისგან, კამერებისა და კონტროლიორებისგან, რომლებიც დაკავშირებული იქნებიან ნაკადების ერთიანი მართვის ცენტრთან:
„ჭკვიანი შუქნიშნების სინქრონიზებული მუშაობა ჩვენ მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ შევამციროთ გზებზე საცობების რაოდენობა, ასევე შეუფერხებლივ მოხდეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების და საგანგებო მომსახურების ავტომობილების გადაადგილება. ამ მიმართულებით ჩვენ გვეხმარება გერმანიის მთავრობა და ამ პროექტის შემუშავებაში ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევების ჩატარებაში ჩართულია მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი გერმანული კომპანია „გოპა“, - განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, შუქნიშნებზე, კამერებსა და კონტროლიორებზე გამოცხადებულია შესყიდვა და გამარჯვებული კომპანია უახლოეს მომავალში გამოვლინდება.