
გერმანიის ჯანდაცვის მინისტრი: "რუსულ ვაქცინას ტესტირების მე–3 ეტაპი საერთოდ არ გაუვლია, იგი შესაძლოა, საშიში იყოს"
12/08/2020 11:26:01 მსოფლიო
გერმანიის ჯანდაცვის მინისტრი იენს შპანი აცხადებს, რომ კოვიდ-საწინააღმდეგო რუსული ვაქციან შესაძლოა, საშიში იყოს.
"პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ მოსკოვი არ არის გამჭვირვალე – ხელისუფლება არ ასაჯაროებს ვაქცინის ტესტირების შესახებ მონაცემებს. ამასთან, ვიცით, რომ ვაქცინას ტესტირების მე–3 ეტაპი საერთოდ არ გაუვლია – ანუ იგი არ გამოსცადეს ადამიანების ფართო სპექტრზე. აქედან გამომდინარე, იგი შესაძლოა, საშიში იყოს", – განაცხადა გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა.
10 აგვისტოს რუსეთმა მსოფლიოში პირველი კოვიდ-საწინააღმდეგო ვაქცინა დაარეგისტრირა. ამის შესახებ პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დღეს მთავრობის წევრებთან შეხვედრისას განაცხადა.
მან აღნიშნა, რომ ნ. გამალეის სახელობის ინსტიტუტის მიერ შემუშავებული ვაქცინა მაღალ ეფექტურობას აჩვენებს და დამზადდა ცნობილ პლატფორმაზე, რომელზეც კიდევ 6 ვაქცინა მუშავდება.
გადაწყვეტილია, რომ ვაქცინაცია უპირველესად, მედიკოსებსა და ექიმებს ჩაუტარდებათ.
ცნობისთვის: 22 ივლისს ნ. გამალეის სახელობის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილემ დენის ლოგუნოვმა „მედუზასთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ვაქცინა ორ კვირაში შეიქმნა. ლოგუნოვის თქმით, ვაქცინის უსაფრთხოება დადასტურდა თაგვებზე, მაიმუნებსა და ზაზუნებზე. აღსანიშნავია, რომ რუსეთს სამეცნიერო მონაცემები ვაქცინის ტესტირების შესახებ არ გამოუქვეყნებია. კრიტიკოსების თქმით, ვაქცინის გამოცდა ადამიანებზე ჯერ კიდევ არ დასრულებულა. მათივე განცხადებით, ვაქცინის უახლოეს მომავალში დამტკიცების გეგმა კრემლიდან წამოსულ ზეწოლას უკავშირდება, რომ რუსეთი "გლობალურ სამეცნიერო ძალად" წარმოჩინდეს.
მსოფლიოში COVID-19–მა 745 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 20 526 000–ს გადააჭარბა, 13 449 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1278-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 1058 ადამიანი, ხოლო 17 გარდაიცვალა.