რუსლან აბაშიძემ აფხაზეთიდან წარმატებულ ახალგაზრდებთან ონლაინ–შეხვედრა გამართა

12-08-2020 18:41:56 კონფლიქტები ,რეკლამა

ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე აფხაზეთიდან წარმატებულ ახალგაზრდებს შეხვდა.

როგორც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში აღნიშნავენ, არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, შეხვედრა ნაწილობრივ ონლაინ ფორმატში გაიმართა.

შეხვედრაში დისტანციურად ჩაერთო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან (აშშ, შვედეთი, ლუქსემბურგი, პოლონეთი, ესტონეთი, იტალია, ჰოლანდია, აზერბაიჯანი, რუსეთი) 16 ახალგაზრდა, რომლებმაც განათლება უცხოეთში მიიღეს და დღემდე იმავე ქვეყნებში წარმატებით მოღვაწეობენ სხვადასხვა სფეროში.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია და თავმჯდომარის მრჩეველი მანანა ქვაჩახია მონაწილეობდნენ.

შეხვედრა დიალოგის რეჟიმში წარიმართა. მთავრობის თავმჯდომარემ აფხაზეთის მთავრობის საქმიანობაზე, მიმდინარე პროგრამებსა და პროექტებზე ისაუბრა, რომლებიც ახალგაზრდების მხარდასაჭერად ხორციელდება. ისაუბრეს ასევე დევნილი ახალგაზრდებისთვის აქტუალურ თემებზე, აფხაზეთის წარსულსა და დღევანდელობაზე, სამშვიდობო პოლიტიკის პროცესში ახალგაზრდების როლსა და ჩართულობის მნიშვნელობაზე. მონაწილეებმა ერთმანეთს თავიანთი ხედვები გაუზიარეს და შეთანხმდნენ, რომ შეხვედრები მომავალში პერმანენტულ ხასიათს მიიღებს.

შეხვედრის ბოლოს მონაწილეებს სამახსოვროდ სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.

შეგახსენებთ, 12 აგვისტო ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეა, რომელსაც საფუძველი გაეროს ასამბლეის 1999 წლის 17 დეკემბრის რეზოლუციით ჩაეყარა. 2000 წლის 12 აგვისტოს ცივილიზებულმა სამყარომ პირველად აღნიშნა ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე, რომელსაც ასევე საქართველოც შეუერთდა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები