RKI: "გერმანულ–ამერიკული ვაქცინა შესაძლოა, შემოდგომისთვის უკვე მზად იყოს, თუმცა საშიში იქნება, მას Covid-19–ის კონტროლი მყისიერად მივანდოთ"

12-08-2020 21:07:31 მსოფლიო

რობერტ კოხის სახელობის ინსტიტუტის (RKI) განცხადებით, გერმანულ – ამერიკული წარმოების Covid-19–ის საწინააღმდეგო ვაქცინა BNT162 შესაძლოა, შემოდგომისთვის მზად იყოს, თუმცა პანდემიის კონტროლს დიდი დრო დასჭირდება.

"შესაძლოა, ვაქცინა უკვე 2020 წლის შემოდგომისთვის მზად იყოს მაგრამ, საშიში იქნება, უკვე 2020 წლის შემოდგომიდან Covid-19–ის კონტროლი ვაქცინაციას მივანდოთ. ვაქცინით პანდემიის კონტროლს დიდი დრო დასჭირდება. ნებისმიერი ვაქცინის ეფექტურობა შეზღუდული იქნება, რადგან ვირუსი მუტაციას განიცდის", – აცხადებენ რობერტ კოხის ინსტიტუტში.

ვაქცინა სახელწოდებით BNT162 გერმანულმა ბიოტექნოლოგიურმა კომპანიამ BioNTech, ამერიკულ ფარმაცევტულ გიგანტ Pfizer–თან ერთად შექმნა. ვაქცინის ადამიანებზე გამოცდა ამჟამად გერმანიასა და აშშ–ში მიმდინარეობს.

ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 745 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 20 526 000–ს გადააჭარბა, 13 449 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1278-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 1058 ადამიანი, ხოლო 17 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები