ადვოკატი ამბობს, რომ ბაჩალიაშვილის სოციალური ქსელებიდან ყველაფერი წაშლილია

13-08-2020 10:02:09 სამართალი

ბუნდოვან გარემოებაში გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის ცნობით, ახალგაზრდა ქალის სოციალური ქსელებიდან აბსოლუტურად ყველაფერი წაშლილია.

ამის შესახებ ადვოკატმა ჟურნალისტებს შსს-ს დატოვების შემდეგ განუცხადა, სადაც ბაჩალიაშვილის ოჯახთან ერთად იმყოფებოდა.

„დღეს იყო მოტანილი მობილური ტელეფონი და მობილური ტელეფონიდან ყველა ის ინფორმაცია ვნახეთ, რისი კლონირებაც მოხდა. ვნახეთ ამ ინფორმაციის ნაწილი, რაც შვიდი საათის განმავლობაში მოვახერხეთ.

ყველაზე საინტერესო არის ის, რომ „ვოთსაფიდან“, „მესენჯერიდან“, „ფეისბუქიდან“, „ვაიბერიდან“ და ყველა სოცქსელიდან აბსოლუტურად წაშლილია ყველაფერი, არამხოლოდ ზარები​, ჩატებიც კი. ჩატი „ვოთსაფში“ არის 24 ივლისიდან წაშლილი საერთოდ. ზარები არის 6 ივლისიდან საერთოდ წაშლილი. შესაბამისად, „ვოთსაფსა“ ან მესენჯერში რაიმე ლოკაცია საერთოდ არ არის ნაჩვენები, რომ ვთქვათ, როგორ შეეძლო მას გადაადგილება თეთრიწყაროსა და იმ ადგილებში, სადაც ის იყო აღმოჩენილი. შესაბამისად, თვით გამოძიებასაც უკვე აბსოლუტურად ყველა ჩემ კითხვაზე არანაირი პასუხი არ ჰქონდა.

გარდა ამისა, ძალიან ბევრი ვიდეოჩანაწერი ვნახეთ და ვნახეთ გოგონას ბოლო ექვსი ულამაზესი სურათი, რომელიც მან გადაიღო 18 ივლისს ძალიან ლამაზ ფორმაში, ცოტა მხიარული და ცოტა სახით, ეს იყო მისი კამერით გადაღებული“, – განაცხადა რამიშვილმა შსს–ს დატოვების შემდეგ.

ადვოკატი აცხადებს, რომ ყველა საჭირო ინფორმაცია წაშლილია, რაც ამძაფრებს ეჭვს, რომ ეს „გარკვეული ძალისა და სპეციალისტების მიერ მოხდა“.

„დადგა საკითხი, რომ საჭიროა „გუგლიდან“ და „ფეისბუქის“ ადმინისტრაციიის მიერ სრულად წამოვიდეს ინფორმაცია, თუ ვის მიერ მოხდა. დარწმუნებული ვარ, რომ არანაირად არ შეიძლება, საფუძვლად ედოს რამე თვითმკვლელობაზე საუბარი. ძალიან მრავალი მასალა იქნება შესასწავლი და აქ საუბარია დაახლოებით 150 სათვალთვალო კამერის ჩანაწერზე და ამავდროულად სატელეფონო ზარების ნუსხა ძალიან დიდი გახდა. ჩვენებებსაც გადავხედე და ძალიან ბევრი პირი გამოჩნდება“, – განაცხადა ადვოკატმა.

მისივე თქმით, ჩატარდება კალიგრაფიული ექსპერტიზა სოციალურ ქსელში ჟურნალისტ გიორგი კაპანაძის მიერ გასაჯაროებულ ჩანაწერთან დაკავშირებით, სადაც ჟურნალისტის ინფორმაციით, თამარ ბაჩალიაშვილი წერს: „პირადად მე, უძლური ვარ მის წინაშე”. გასაჯაროებულ ფურცელზე წერია ასევე ციფრი – „15”.

„ექსპერტები იყვნენ მოსული ყველაფერი გადავეცით რაზეც ჩატარდება კალიგრაფიული ექსპერტიზა. დადგინდება, ვის მიერ არის შესრულებული ეს პატარა ჩანაწერი, რომელიც გასაჯაროვდა, შესაბამისად „ბლოკნოტზეც“ ჩატარდება კალიგრაფიული ექსპერტიზა და გამოყენებული იქნება ის კოდები და პაროლები რაც არის მითითებული.

არავის იმედი არ ჰქონდეს, ვერავინ ვერ გამოიყენებს ამ საქმეს ისე, რომ არ დადგინდეს ჭეშმარიტება, რა სისტემაც არ უნდა იყოს ჩართული, რა ძალაც არ უნდა იყოს გამოყენებული. მე ჩანაწერების გარეშეც ვამბობდი რომ ეს არის მკვლელობა დაგეგმილი და მარტო ერთმა პატარა ჩანაწერმა შეიძლება უფრო დასაბუთება მისცეს ამ საქმეს, მაგრამ, მაქვს მე ბევრი ისეთი ინფორმაცია და გამოძიებას ვუთხარი, რომ მიყვარს ძალიან მყარი მტკიცებულება. ეს ფურცელი მანქანაში არ იყო ნაპოვნი. გამოძიება ყველა ჩემს მოთხოვნასა და ოჯახის პოზიციას ეთანხმება, მიმდინარეობს ისეთი პროცესები, რაც კარგად აისახება სამუშაო ტემპზე. მაგაზე გამოძიება იმსჯელებს რას უნდა ნიშნავდეს ეს ფურცელი. მაგისთვის ანალიტიკოსები არსებობენ. შეიძლება, ერთმა ფრაზამ ბევრ რაღაცას ფარდა ახადოს. ყველაფერი იქნება ისე, რომ გამოჩნდება რისი და ვისი მსხვერპლი იყო თამარი“, – განაცხადა ადვოკატმა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები