
აფხაზეთის ომის დაწყებიდან 28 წელი გავიდა
14/08/2020 05:55:21 კონფლიქტები
აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებიდან 28 წელი გავიდა.
აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში სამხედრო დაპირისპირება 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოს სახელმწიფო საბჭომ გახშირებული ყაჩაღობისგან რკინიგზის სოჭი-ინგირის მონაკვეთის დასაცავად, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ვლადისლავ არძინბასთან შეთანხმებით გაგზავნა სამთავრობო ძალები.
საქართველოს ეროვნულ გვარდიას და პოლიციას ე.წ. აფხაზურმა გვარდიამ ოჩამჩირისა და გულრიფშის რაიონებში გაუწია შეიარაღებული წინააღმდეგობა, რასაც საომარი მოქმედებების დაწყება მოჰყვა.
აფხაზეთის რეგიონში საქართველოს სამთავრობო ძალების შესვლას წინ უძღოდა ადგილობრივი სეპარატისტების მიერ ე.წ. დამოუკიდებლობის გამოცხადება. აფხაზური ფორმირებების მხარდასაჭერად საბრძოლო მოქმედებებში ჩაერთო რუსული არმია.
28 წლის წინ აფხაზეთში დაიწყო შეიარაღებული კონფლიქტი, რომელიც 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით დასრულდა. სხვადასხვა მონაცემით, კონფლიქტმა 10 000–დან 30 000–მდე სამხედრო და სამოქალაქო პირის სიცოცხლე შეიწირა. დევნილად იქცა დაახლოებით 300 000 ადამიანი.
დღეს აფხაზეთში რუსული საოკუპაციო ძალების სამხედრო ბაზაა განთავსებული. 2008 წელს რუსეთმა საქართველოს ამ რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა.