Accentnews.ge
გალელების გამო ანქვაბს აქციებით დაემუქრნენ

გალელების გამო ანქვაბს აქციებით დაემუქრნენ

14/08/2020 07:55:08 კონფლიქტები

“აფხაზეთში, მათ შორის გალის რაიონში მცხოვრებ ყველა ქართველს, რომელსაც ჩვენს წინააღმდეგ არ უბრძოლია, ჩვენს მოქალაქეებად მივიჩნევთ” – განახადა ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერმა ალექსანდრე ანქვაბმა “ამერიკის ხმის” სტატიის “სოხუმმა თბილისთან დიალოგისთვის მზაობის შესახებ განაცხადა” კომენტირებისას.

«ჩვენ უსამართლოდ მიგვაჩნია გადაწყეტილება ამ ადამიანებისთვის აფხაზური პასპორტების ჩამორთმევის თაობაზე. ეს ჩვენი შიდა საქმეა და ეს პოზიცია არაერთგზის გამოგვითქვამს საჯაროდ», – განაცხადა ანქვაბმა.

წინა დე ფაქტო ხელისუფლების – რაულ ხაჯიმბას გუნდის მხარდამჭერმა ვეტერანთა ორგანიზაცია “არუაამ” ანქვაბის ამ განცხადებას “ცინიკური” და “ანტისახალხო” უწოდა.

«ცინიზმის უმაღლესი დონე მდგომარეობს კიდევ იმაშიც, რომ ამ განცხადებამ აფხაზი ხალხის სამამულო ომის 28-ე წლისთავის წინაპერიოდში გაიჟღერა. ანქვაბი მშვენივრად აცნობიერებს, რომ საქმე აქ არა ეროვნებაშია, არამედ გალის რაიონში მცხოვრებთა 97%-ის მიერ საქართველოს მოქალაქეობის ფლობაში. “მოქალაქეობის შესახებ” საკონსტიტუციო კანონის დამრღვევი სწორედ ასეთი პოლიტიკა ხორციელდებოდა ანქვაბის პრეზიდენტობის პერიოდში და 2014 წლის მაისში მისი გადადგომაც გამოიწვია», – ნათქვამია “არუაას” უმაღლესი საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ვეტერანებმა გააფრთხილეს დე ფაქტო პრემიერი, რომ “ნებისმიერი დარღვევა “მოქალაქეობის შესახებ” კანონისა, რომელიც ორმაგ მოქალაქეობას მხოლოდ რუსეთთან ითვალისწინებს, შეფასდება ანტისახალხო მოქმედებად და გამარჯვების რევიზიის მცდელობად”.

«თუ მთავრობა კანონმდებლობის დარღვევით საქართველოს მოქალაქეებისთვის აფხაზეთის მოქალაქეობის გაცემას შეეცდება, გამოვალთ ყველა ვეტერანისადმი მოწოდებით, მთელს აფხაზეთში საპროტესტო აქციები დაიწყოს. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი ქვეყნის ყველა საზოგადოებრივ-პოლიტიკური ძალა გამოხატავს თავის დამოკიდებულებას ალექსანდრე ანქვაბის ამ განცხადებისადმი», – წერს “არუაას” უმაღლესი საბჭო.

ცნობისთვის: “ამერიკის ხმის” სტატიის კომენტირებისას ალექსანდრე ანქვაბმა სხვა საკითხებზეც ისაუბრა, კერძოდ, განაცხადა, რომ ახალი დე ფაქტო ხელისუფლება ძალის არგამოყენების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის მომხრეა. ამასთან, მან “სასაცილო” უწოდა საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრის – პაატა ზაქარეიშვილის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ აფხაზურ ხელისუფლებაში “არის ვიღაც, ვინც ნაკლებ პრორუსულადაა განწყობილი”.

«აფხაზურ პოლიტიკურ სივრცეში მსგავსი ხელმძღვანელები არ ყოფილან და არ არიან. ეს სრულად ეხება პრეზიდენტ ბჟანიასაც, ანქვაბსაც, [ამჟამად დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივან] შამბასაც, [წინა დე ფაქტო პრეზიდებტ] ხაჯიმბასაც», – განაცხადა ანქვაბმა და დასძინა, რომ “არც კი იცოდა, თუ საბჭოთა ეპოქის პროპაგანდისტული ინსტრუმენტი “ამერიკის ხმა” ჯერ კიდევ არსებობდა”.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S