
TI-ის კვლევა აჭარის მთავრობის მიერ გაყიდული ქონების შესახებ
14/08/2020 09:24:40 პოლიტიკა, რეგიონები
"საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო" აჭარის მთავრობას სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის პროცესთან დაკავშირებით რეკომენდაციებით მიმართავს.
ორგანიზაციამ შეისწავლა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ მიყიდვის ფორმით, მათ შორის სიმბოლურ ფასად (1 ლარად), პირობიანი და უპირობო აუქციონით გასხვისებული ქონების მესაკუთრეები, პრივატიზაციის საფასური და ინვესტიციების მოცულობა.
საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველო მოუწოდებს პროცესის გამჭვირვალობის ხარისხის გასაზრდელად, ავტონომიური რესპუბლიკის ქონების განსაკარგად პირობიანი აუქციონის გამოცხადებისას, მეტი საგარანტიო პირობები განსაზღვროს.
"2019 წელს, წინა წლებთან შედარებით, მნიშვნელოვნად შემცირდა ავტონომიური რესპუბლიკის ქონების პირდაპირი მიყიდვის შემთხვევები - გასულ წელს ამ ფორმით სულ 3 ობიექტი გასხვისდა (2018 წელს 16 ობიექტი გაიყიდა, 2017-ში კი - 17). საპრივატიზებო საფასურის ჯამური მოცულობა 7,660,265 ლარია, ხოლო განსახორციელებელი ინვესტიციის ოდენობა - 255,000,000 ლარი; პირდაპირი მიყიდვის ფორმით ყველაზე დიდი ფართობის მიწის ნაკვეთები (180 ჰექტარი) შპს „გრინ რეზორტმა” ქობულეთში შეიძინა. ცენტრალური და ავტონომიური მთავრობა აცხადებდა, რომ ახალი მულტიფუნქციური კომპლექსის - მწვანე ქალაქის ასაშენებლად კომპანია 500 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებდა, თუმცა, ხელშეკრულებაში მითითებული თანხა 250,000,000 ლარია;
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ კვლავ არ გადახედა ხელშეკრულებას TCF Georgia-სთან, რომელიც ქობულეთში ციტრუსის დასახარისხებელი საწარმოს ამუშავებასთან და 3,500,000 ლარის ინვესტიციის განხორციელებასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს წლების განმავლობაში არ ასრულებდა. ამაზე საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო რეკომენდაციას სთავაზობდა. შედეგად, კომპანიის მიერ სიმბოლურ ფასად - 1 ლარად მიღებული ქონება (23 344 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი და 6 შენობა) 2019 წელს კომპანიის იპოთეკარის, სს ბანკი ქართუს საკუთრება გახდა;
ბათუმის და ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატების, ფატი ხალვაშისა და კობა ნაკაიძის ა(ა)იპ თანალმობამ 2016 წელს აჭარის მთავრობისგან უზურფუქტით მიიღო უძრავი ქონება ქობულეთში შეზღუდული შესაძლებლობის პირთათვის დღის ცენტრის გასახსნელად, თუმცა მაჟორიტარებმა 2019 წელსაც ვერ გახსნეს ცენტრი და აჭარის მთავრობას ვალდებულებების გადავადების შუამდგომლობით კიდევ ერთხელ მიმართეს”, - ნათქვამია კვლევაში.
ორგანიზაცია აჭარის მთავრობას ყველა ინვესტორისთვის თანაბარი პირობების შექმნისკენ მოუწოდებს.
განახლება
ეს ის ორგანიზაციაა ხომ, რაღაც ადგილობრივი კანტორა, რომ აქვთ აქ გახსნილი და ოფის-მენეჯერები იკვლევენ და იურიდიულ დასკვნებს აკეთებენ, ალბათ მათზე მეკითხებით ხომ?, - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ინვესტიციების შესახებ საერთაშორისო გამჭრვალობა-საქართველოს კვლევის კომენტირებისას განაცხადა.
რიჟვაძის თქმით, არც ერთ კომპანიასთან ყოფილა დისკრიმინაციული მიდგომა.
"აჭარაში ამ დასკვნებს ჩვეულებრივი ოფის-მენეჯერები აკეთებენ, შედიან იურიდულ- ეკონომიკურ საკითხებში, რომლის აბსოლუტურ წარმოდგენაში არ არიან. არც დისკრიმინაციული და არც პრივილეგირებული მიდგომა არ ყოფილა არც ერთ კომპანიასთან მიმართებაში. ჩვენ ყველას, საჯარო ინტერესის დაცვით, მათ შორის ბიზნესს ვეხმარებით. თუმცა, როცა სანქცირება საჭიროა, არც ამისგან ვიკავებთ თავს", - განაცხადა რიჟვაძემ.