
რუსლან აბაშიძემ საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო
14/08/2020 10:36:59 კონფლიქტები, რეკლამა
1992 წლის 14 აგვისტოს აფხაზეთში განვითარებულ ტრაგიკულ მოვლენებთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა ვლადიმერ იმნაძემ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„14 აგვისტო ტრაგიკული დღეა ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში. 28 წლის წინ უცხო ძალის მიერ ინსპირირებულმა დაპირისპირებამ მძიმე შედეგებამდე მიგვიყვანა აფხაზეთის საზოგადოება.
დიდი ადამიანური მსხვერპლის, ეკონომიკური ზარალის, ტერიტორიული მთლიანობის დროებით მოშლისა და სხვა მრავალი პროვოკაციის მიუხედავად, დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან აფხაზეთის დევნილი საზოგადოების აქტიური მონაწილეობით, საქართველო აგრძელებს დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობას და ყველა ღონეს ხმარობს, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, დეოკუპაციისა და დაპირისპირების მშვიდობიანი მოგვარებისათვის.
პატივს მივაგებთ აფხაზეთში დატრიალებულ ტრაგედიის ყველა მსხვერპლს და მჯერა, მალე დადგება დრო, როცა დავიბრუნებთ აფხაზებს და გავაგრძელებთ ცხოვრებას საუკუნეებგამოვლილი ურთიერთპატივისცემით ერთიან, ძლიერ საქართველოში,” - განაცხადა რუსლან აბაშიძემ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან იმყოფებოდნენ ასევე, აფხაზეთის მთავრობის წევრები, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, აფხაზეთის ომის ვეტერანები და დევნილი საზოგადოება.