ბაჩალიაშვილის დედა ამბობს, რომ გენპროკურორმა ოჯახს ბოდიში მოუხადა

14-08-2020 14:54:12 სამართალი

ბუნდოვან გარემოებაში გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის დედის თეონა თამაზაშვილმა გენერალურ პროკურორთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ოჯახს ირაკლი შოთაძემ ერთ–ერთი პროკურორის არაეთიკური ქცევის გამო ბოდიში მოუხადა. საუბარია მარიამ გოგორელიანზე, რომელსაც დედა ბულინგში ადანაშაულებდა.

დედა ამბობს, რომ აღნიშნული პროკურორი ბაჩალიაშვილის საქმეს ჩამოაშორეს.

„ბოდიში მოიხადა და ჩვენი საქმიდან გაყვანილია [პროკურორი]“,– აღნიშნა დედამ.

რაც შეეხება საქმეში FBI-ს ჩართულობას, დედა პროკურატურაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ „მეტნაკლებად უკვე ჩართულია“.

„კარგი შეხვედრა იყო, ამ ეტაპზე კმაყოფილი ვარ, ვენდობი“,– დასძინა თამაზაშვილმა.

ადვოკატი ამბობს, რომ დღევანდელი შეხვედრა ბოლო არ იყო და პროკურატურაში საქმიანი, საინტერესო შეხვედრა შედგა.

"საკმაოდ სერიოზული საუბარი გვქონდა გენერალურ პროკურორთან და მის მოადგილეებთან, დეტალურად გვქონდა ყველა თემაზე საუბარი. მივიღეთ ძალიან საინტერესო ინფორმაციები, გადმომეცა საკმაოდ მოცულობითი დოკუმენტაციები იმ საკითხთან დაკავშირებით, რაც ეხება საზღვარგარეთიდან მოთხოვნილ ინფორმაციებს, დაკავშირებულს სოციალურ ქსელებთან, რომელიც ძალიან მალე ბევრ რაღაცას ნათელს მოჰფენს. ამავდროულად მივიღეთ ინფორმაცია, რომ ის პროკურორი, რომელიც არაეთიკურად ახორციელებდა მოქმედებას, შესაბამისი რეაგირება მოახდინეს და ჩამოშორდა საქმეს, იმიტომ, რომ არ იყო მისი ქცევა ეთიკური დაზარალებულის მიმართ. მაგრამ დღევანდელი ჩვენი შეხვედრა არ არის ბოლო", - განაცხადა რამიშვილმა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები