"სააკაშვილი, მერაბიშვილი, ადეიშვილი არ უნდა იყვნენ მინისტრთა კაბინეტში, დღეს დაკვეთა სხვა ტიპის მართვაზეა"

15-08-2020 00:06:56 საშინაო პოლიტიკა

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში "მიხეილ სააკაშვილი, ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ადეიშვილი მინისტრთა კაბინეტში არ უნდა იყვნენ, რადგან დღეს დაკვეთა სხვა ტიპის მართვაზეა".

კითხვაზე, მისაღები იქნება თუ არა "ევროპული საქართველოსთვის" ასეთ მინისტრთა კაბინეტში ინტეგრირება, ბაქრაძემ "რუსთავი 2"–ის ეთერში შემდეგი განაცხადა;

"როდესაც საკითხი მივა კოალიციური მთავრობის შექმნამდე და დარწმუნებული ვარ, ძალიან დიდი ალბათობით, ეს მოხდება, რა თქმა უნდა, ჩვენ გვექნება ჩვენი პირობები მომავალ კოალიციურ ხელისუფლებასთან დაკავშირებით იმიტომ, რომ კოალიციური ხელისუფლება ყოველთვის გულისხმობს მოლაპარაკებას და შეთანხმებებს პარტიებს შორის. ამიტომ არ იქნებიან ადამიანები, ვინც ჩვენი გადმოსახედიდან მომავალ მინისტრთა კაბინეტში არ უნდა იყოს. მაგალითად, სააკაშვილი, მერაბიშვილი, ადეიშვილი არ იქნებიან მინისტრთა კაბინეტში, მათ შორის პრემიერ-მინისტრად. მიგვაჩნია, რომ დღეს დაკვეთა არის სხვა ტიპის მართვაზე; მიგვაჩნია, რომ სამართლიანად არის თუ უსამართლოდ მაგრამ, საზოგადოებაში არსებულ განწყობას და აზრს ანგარიში უნდა გავუწიოთ და მიგვაჩნია, რომ კოალიციური ხელისუფლება უნდა იყოს ისეთი, სადაც იქნება შესაძლებელი, რაც შეიძლება მეტი პარტიის ჩართვა და შესაბამისად, მასში იქნებიან ისეთი ფიგურები, ვისთან ერთად მუშაობასაც შეძლებენ განსხვავებული პარტიების წარმომადგენლები".

ახალი ამბები

სხვა სიახლეები