"კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან 19–ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ხოლო 6–ის – კრიტიკული"

15-08-2020 12:19:57 საზოგადოება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ახალი კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან 6-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.

"დღევანდელ დღეს კოვიდცენტრებში 216 პაციენტი მკურნალობს. ამ 216 პაციენტის განაწილება სიმძიმის მიხედვით ასეთია, გუშინ გვყავდა 7 კრიტიკული პაციენტი, ერთი პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესდა და ის დღეს უკვე განიხილება როგორც მძიმე პაციენტი, ამიტომ კრიტიკული პაციენტების რაოდენობა არის 6. ხოლო მძიმე პაციენტების რაოდენობა არის 19. საბედნიეროდ, ამ პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია იმ თვალსაზრისით, რომ მათთან დაავადების პროგრესირება არ შეინიშნება და ალბათ, პროგნოზირებაც კეთილსაიმედო უნდა იყოს", – განაცხადა ეზუგბაიამ.

მისივე თქმით, კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევიდან 9 პაციენტს აქვს ეპიდაფეთქების ზონაში, კერძოდ სვანეთში მოგზაურობის ისტორია, 4 შემთხვევა არის უკვე დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტი, 1 არის იმპორტირებული შემთხვევა, რომელიც სატვირთო ავტომობილის მძღოლს უკავშირდება, ერთი პაციენტის შემთხვევაში კი მიმდინარეობს ეპიდკვლევა კონტაქტებისა და წყაროს დადგენის მიზნით.

უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1321-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 1088 ადამიანი, ხოლო 17 გარდაიცვალა.

News

Other news