ბაჩალაიშვილის ოჯახის ადვოკატი: „ავტომანქანა ტყესთან 4–5 დღე არ მდგარა“
16/08/2020 08:11:47 სამართალი
ბუნდოვან გარემოებაში გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის განცხადებით, შეუძლებელია, ახალგაზრდა ქალის ავტომანქანა გზის პირას ოთხი–ხუთი დღის განმავლობაში მდგარიყო და ის შეუმჩნეველი დარჩენოდათ, მით უფრო, თუ ძებნა იმ ინტესივობით ხორციელდებოდა, როგორც ამას შსს აცხადებს. დასტურას მან ვიდეოჩანაწერები წარმოადგინა, რომელიც შემთხვევის ადგილზე ნახირის ინტენსიურ გადაადგილებას ასახავს. მისი თქმით, ჩანაწერები კეთდებოდა სამი დღის განმავლობაში და მისი ავტორი ადგილობრივია.
ადვოკატი ასკვნის, რომ ავტომანქანა ადგილზე არ იყო.
„მიუხედავად იმისა, რომ იმ სოფლის მაცხოვრებლები ტერორის ქვეშ ჰყავთ, გამოჩნდა ვაჟკაცი ადამიანი, რომელმაც სამი დღის ჩანაწერები გააკეთა. კადრებში ჩანს, რომ დიდი რაოდენობის ნახირი გადაადგილდება. ამ ნახირს თავისი მწყემსი ჰყავს, არის ძაღლიც. იქ ავტომობილი არ იდგებოდა 5 დღის განმავლობაში. მძაფრ სუნზე მოგეხსენებათ, ძაღლიც მოახდენდა რეაგირებას“,– განაცხადა მიხეილ რამიშვილმა ბაჩალიაშვილის ოჯახთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე და აღნიშნა, რომ ამ საკითხზე დეტალური საუბარი იქნება 17 აგვისტოს პროკურატურაში.
„არანაირ თვითმკვლელობაზე აღარ არის საუბარი“,– ამბობს ადვოკატი.


