Accentnews.ge
სახალხო დამცველის აპარატი განცხადებას ავრცელებს

სახალხო დამცველის აპარატი განცხადებას ავრცელებს

21/06/2019 07:29:00 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი განცხადებას ავრცელებს. 

"საქართველოს სახალხო დამცველი და მისი წარმომადგენლები მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე აკვირდებოდნენ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებს; აპარატის თანამშრომლებმა პოლიციის სამმართველოებში მოინახულეს აქციის დაკავებული მონაწილეები, რომელთა ნაწილმაც სამართალდამცავთა  მხრიდან ძალის შესაძლო გადამეტების ფაქტებზე მიუთითა.

სახალხო დამცველის წარმომადგენლები აქტიურად სწავლობენ აქციის მიმდინარეობისას დაფიქსირებულ თითოეულ ინციდენტს. ასევე მუშაობენ სავარაუდოდ დაკავებულ და დაკარგულ პირთა ადგილსამყოფელის დასადგენად. ამასთან, დააკვირდებიან სასამართლო პროცესებს, მოინახულებენ საავადმყოფოში გადაყვანილ დაზარალებულებს.

რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, სამართლებრივ შეფასებას სახალხო დამცველი მოგვიანებით გააკეთებს.

სავარაუდო უფლებადარღვევის თაობაზე ინფორმაციის ფლობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ცხელ ხაზს: 1481" - ნათქვამია განცხადებაში. 

შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირზე, მოქალაქეებმა გუშინ 20 ივნისს რუსი დეპუტატის საქართველოში ჩამოსვლა და სერგეი გავრილოვის მიერ, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავება გააპროტესტეს. აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ვახტანგ გომელაურის გადადგომას, ასევე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას პროპორციული სისტემით. პარლამენტის წინ სიტუაცია 20 ივნისს, დაახლოებით 22:00 საათზე დაიძაბა, მას შემდეგ, რაც დემონსტრანტები პარლამენტის შენობის შესასვლელისკენ დაიძრნენ. ხელისუფლებამ აქცია ძალის გამოყენებით დაშალა. პოლიციის გამოყენებული ძალის შედეგად დაშავდა ათეულობით ადამიანი. დაშავებულთა შორის არიან ჟურნალისტებიც. მედიის მიერ გადაღებული ვიდეოებით ჩანს, რომ სპეცრაზმელები რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს დამიზნებით ესროდნენ. დაშავებულთა ნაწილს დაზიანებები აქვთ თავისა და სახის არეში. ექიმების თქმით, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას რამდენიმე მათგანისთვის თვალის შენარჩუნების საკითხი. ხელისუფლება აქციის დარბევაზე და მოქალაქეების დაშავებაზე პასუხისმგებლობას აკისრებს ოპოზიციას და არ აპირებს მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებას. ოპოზიცია აცხადებს, რომ საპროტესტო აქციებს აგრძელებს. აქცია დღეს [21 ივნისს] 19:00 სთ-ზეა დაგეგმილი. 


 

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S