პოლიციამ დააკავა პირი, რომელიც ფონიჭალაში 7 ქვეითს დაეჯახა (ვიდეო)
16/08/2020 17:11:29 სამართალი
სამართალდამცველებმა ფონიჭალაში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში ბრალდებული პირი დააკავეს.შსს–ს ცნობით, 1995 წელს დაბადებულ პ.გ.-ს თავისუფლების 6-დან 10 წლამდე ვადით აღკვეთა ემუქრება.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში, მსუბუქი ავტომანქანით გადაადგილებისას შეეჯახა გზის გვერდულზე გაჩერებულ ავტომობილს და ქვეითად მოსიარულე 7 პირს: 1996 წელს დაბადებულ ე.მ.-ს, 2016 წელს დაბადებულ ე.ა.-ს, 1974 წელს დაბადებულ მ.მ.-ს, 1991 წელს დაბადებულ ა.მ.-ს, 2009 წელს დაბადებულ ე.ა.-ს, 2013 წელს დაბადებულ რ.ა.-ს და 2016 წელს დაბადებულ ა.მ.-ს. ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ, პ.გ.-მ შემთხვევის ადგილი დატოვა და მიიმალა.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა დაშავებულები სამკურნალო დაწესებულებებში გადაიყვანეს. ისინი ამ დრომდე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან.
მიყენებული ტრავმების შედეგად, ადგილზე გარდაიცვალნენ ე.მ. და ე.ა., ხოლო საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ - ა.მ. და მ.მ.
სამართალდამცველებმა ბრალდებული ფონიჭალის ტერიტორიაზე დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 128-ე მუხლით და 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს, რაც განსაცდელში მიტოვებას და ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია", - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


