ბაჩალიაშვილის საქმეს პროკურატურა გამოიძიებს
17/08/2020 16:43:55 სამართალი
თამარ ბაჩალიაშვილის საქმეს პროკურატურა გამოიძიებს. ამის შესახებ ბაჩალიაშვილის დედამ თეონა თამაზაშვილმა გენერალურ პროკურატურაში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
“საქმეს გამოიძიებს პროკურატურა. ორი დღე უნდათ, რომ გამომძიებლები მასალას გაეცნონ. ხუთშაბათს მოვალთ და რაც კითხვები გვექნება ერთად განვიხილავთ. ექსპერტიზის შემდეგ გადაკვალუფიცირდება. გამოთხოვილია შუალედური დასკვნა და, სავარაუდოდ, ხუთშაბათისთვის იქნება”, - განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.
ამ დრომდე თამარ ბაჩალიაშვილის საქმეს შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი იძიებს.
ბაჩალიაშვილის ოჯახი შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობაზე უარს აცხადებს. ოჯახი გენერალურ პროკურორს ენდობა, თუმცა ამბობს, რომ თუ ოჯახი უწყების მუშაობაში ეჭვს შეიტანს, მაშინ ისინი პროკურატურის მიმართაც შეცვლიან დამოკიდებულებას.
შეგახსენებთ, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი სამძებრო სამუშაობის შემდეგ, 22 ივლისს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში, გარდაცვლილი იპოვეს.


