"თვის ბოლოს ჩამოვლენ უცხოელი სპეციალისტები და სამედიცინო ექსპერტიზას გაეცნობიან"
17/08/2020 17:00:04 სამართალი
თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის განცხადებით, თვის ბოლოს საქართველოში ჩამოვლენ უცხოელი ექსპერტები და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზას გაეცნობიან.
"თვის ბოლოს უცხოელი სპეციალისტები იქნებიან მოწვეული საზღვარგარეთიდან. გაეცნობიან დასკვნებს. ყველაფერი იქნება ძალიან გონივრულ ვადებში. არ იქნება გაჭიანურებული. ნდობა იქნება მაშინ, როცა იქნება შედეგი. იქნება სამუშაო ჯგუფი ქალაქის პროკურატურაში შექმნილი. საუბარი იყო კვალიფიკაციის შეცვლასთან დაკავშირებით. ვერაფერი შეუშლის ამ საქმეს ხელს. შუალედური დასკვნა იქნება უახლოეს დღეებში, ხოლო როგორც უკვე ვთქვი, თვის ბოლოს იქნებიან ჩამოსული ექსპერტები, რომლებიც სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზას გაეცნობიან", - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.
ცნობისთვის, დღეს ბაჩალიაშვილის ოჯახი გენერალურ პროკურორს ირაკლი შოთაძეს ხვდებოდა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ბაჩალიაშვილის დედამ თეონა თამაზაშვილმა განაცხადა, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეს პროკურატურა გამოიძიებს.
“საქმეს გამოიძიებს პროკურატურა. ორი დღე უნდათ, რომ გამომძიებლები მასალას გაეცნონ. ხუთშაბათს მოვალთ და რაც კითხვები გვექნება ერთად განვიხილავთ. ექსპერტიზის შემდეგ გადაკვალუფიცირდება. გამოთხოვილია შუალედური დასკვნა და, სავარაუდოდ, ხუთშაბათისთვის იქნება”, - განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.
ამ დრომდე თამარ ბაჩალიაშვილის საქმეს შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი იძიებს.
ბაჩალიაშვილის ოჯახი შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობაზე უარს აცხადებს. ოჯახი გენერალურ პროკურორს ენდობა, თუმცა ამბობს, რომ თუ ოჯახი უწყების მუშაობაში ეჭვს შეიტანს, მაშინ ისინი პროკურატურის მიმართაც შეცვლიან დამოკიდებულებას.
შეგახსენებთ, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი სამძებრო სამუშაობის შემდეგ, 22 ივლისს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში, გარდაცვლილი იპოვეს.


