გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულმა ზ.ხ-მ შიმშილობა დაიწყო
18/08/2020 12:10:34 სამართალი
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულმა ზ.ხ-მ შიმშილობა დაიწყო. ამის შესახებ განცხადება მან სასამართლო პროცესზე გააკეთა.
არასრულწლოვანი სიცრუის დეტექტორის მეშვეობით გამოკითხვას, პროკურორის აცილებას და გაუთქმელობის პირობის მოხსნას ითხოვდა, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.
შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 6 არასრულწლოვანის საქმის არსებითი განხილვა დღეს გაიმართა. არასრულწლოვანები ძალადობის ორგანიზებაში არიან ბრალდებულები.
გამოძიება ზ.ხ.-ს დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად განზრახ მკვლელობასაც ედავება.
ცნობისთვის: გამოძიებამ შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 6 არასრულწლოვანის საქმე ცალკე გამოყო. მათგან ოთხს — ნ.ც-ს; ლ.შ-ს; ნ.ქ-ს და გ.მ-ს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ძალადობაში მონაწილეობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებიან. ხოლო მათგან ორს — ზ.ხ-ს და ა.ქ-ს გარდა ამ მუხლებისა, გამოძიება განზრახ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობას ედავება.
11 აგვისტოს პროკურატურამ შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ ხუთ ადამიანს ბრალი დაუმძიმა. ვახტანგ ჩიქოვანს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, არჩილ გაგნიძესა და არასრულწლოვნებს: ზ.ხ.-და და ა.ქ.-ს გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობასაც ედავება. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილით ჯგუფურად განზრახ მკვლელობა 13-დან 17 წლამდე პატიმრობით ისჯება.


