არასრულწლოვანი ზ.ხ-ს მამამ და ბებიამ პროკურატურასთან შიმშილობა დაიწყეს
18/08/2020 15:10:35 სამართალი
გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვანის ოჯახმა გენერალურ პროკურატურასთან შიმშილობა დაიწყო. შოთაძის უწყებასთან ზ.ხ-ს მამა და ბებია მივიდნენ.
პროტესტის ნიშნად შიმშილობა დღეიდან თავად ბრალდებულმაც დაიწყო და განცხადება ამის შესახებ მან დღეს, სასამართლო პროცესზე გააკეთა.
ზ.ხ. და მისი ოჯახის მთავარი მოთხოვნა საქმის მასალებზე გაუთქმელობის შეზღუდვის მოხსნაა. ისინი ითხოვენ, რო ადვოკატს საქმის მასალებზე წვდომისა და მედიასთან საუბრის უფლება მიეცეს.
ასევე ითხოვენ, ბრალდებული სიცრუის დეტექტორზე დაიკითხოს.
შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 6 არასრულწლოვანის საქმის არსებითი განხილვა დღეს გაიმართა. არასრულწლოვანები ძალადობის ორგანიზებაში არიან ბრალდებულები.
გამოძიება ზ.ხ.-ს დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად განზრახ მკვლელობასაც ედავება.
ცნობისთვის: გამოძიებამ შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 6 არასრულწლოვანის საქმე ცალკე გამოყო. მათგან ოთხს — ნ.ც-ს; ლ.შ-ს; ნ.ქ-ს და გ.მ-ს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ძალადობაში მონაწილეობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებიან. ხოლო მათგან ორს — ზ.ხ-ს და ა.ქ-ს გარდა ამ მუხლებისა, გამოძიება განზრახ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობას ედავება.
11 აგვისტოს პროკურატურამ შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ ხუთ ადამიანს ბრალი დაუმძიმა. ვახტანგ ჩიქოვანს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, არჩილ გაგნიძესა და არასრულწლოვნებს: ზ.ხ.-და და ა.ქ.-ს გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობასაც ედავება. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილით ჯგუფურად განზრახ მკვლელობა 13-დან 17 წლამდე პატიმრობით ისჯება.


