
ირაკლი კობახიძის შემცვლელის ვინაობა ცნობილია
21/06/2019 11:37:14 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
ირაკლი კობახიძეს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩილ თალაკვაძე შეცვლის. ამის შესახებ ინფორმაცია უმრავლესობის დეპუტატმა მამუკა მდინარაძემ დაადასტურა. მისი თქმით, ამ ეტაპზე სხვა კანდიდატურა არ განიხილება.
მისივე თქმით, თუ ვინმეს ჰგონია, რომ კობახიძე ოპოზიციის მოთხოვნის გამო გადადგა, ცდება.
"მან კონკრეტული პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღო",– განაცხადა მდინარაძემ.
თავად კობახიძეს კომენტარი არ გაუკეთებია.
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დღეს დატოვა.
შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირზე, მოქალაქეებმა გუშინ 20 ივნისს რუსი დეპუტატის საქართველოში ჩამოსვლა და სერგეი გავრილოვის მიერ, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავება გააპროტესტეს. აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ვახტანგ გომელაურის გადადგომას, ასევე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას პროპორციული სისტემით. პარლამენტის წინ სიტუაცია 20 ივნისს, დაახლოებით 22:00 საათზე დაიძაბა, მას შემდეგ, რაც დემონსტრანტები პარლამენტის შენობის შესასვლელისკენ დაიძრნენ. ხელისუფლებამ აქცია ძალის გამოყენებით დაშალა. პოლიციის გამოყენებული ძალის შედეგად დაშავდა ათეულობით ადამიანი. დაშავებულთა შორის არიან ჟურნალისტებიც. მედიის მიერ გადაღებული ვიდეოებით ჩანს, რომ სპეცრაზმელები რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს დამიზნებით ესროდნენ. დაშავებულთა ნაწილს დაზიანებები აქვთ თავისა და სახის არეში. ექიმების თქმით, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას რამდენიმე მათგანისთვის თვალის შენარჩუნების საკითხი. ხელისუფლება აქციის დარბევაზე და მოქალაქეების დაშავებაზე პასუხისმგებლობას აკისრებს ოპოზიციას და არ აპირებს მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებას. ოპოზიცია აცხადებს, რომ საპროტესტო აქციებს აგრძელებს. აქცია დღეს [21 ივნისს] 19:00 სთ-ზეა დაგეგმილი.