გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულების ადვოკატებმა მცხეთაში საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩაატარეს
19/08/2020 05:23:37 სამართალი
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე, „ტოიოტა ქამრის“ ავტომობილში მყოფი ორი ბრალდებული პირის ადვოკატებმა მცხეთაში საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩაატარეს.
ბრალდებულების – ვახტანგ ჩიქოვანისა და არჩილ გაგნიძის ადვოკატების თქმით, არაგვის ხეობაში ექსპერიმენტში ექვსი მოხალისე მონაწილეობდა. ექსპერიმენტის მონაწილეებმა გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის პროკურატურის მიერ გავრცელებული ვერსიის ეპიზოდები გაითამაშეს.
ექსპერიმენტი ეპიზოდებად, ეტაპობრივად ჩატარდა: ავტოსამრეცხაოსთან, სადაც „ტოიტა ქამრის“ მანქანა გაჩერდა, ე.წ. მწვანე სახლში, სადაც ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე დაიმალა და ფერად შენობასთან, უშუალოდ იმ გზაზე, სადაც მოწმეების თქმით, გიორგი შაქარაშვილი გაიქცა და მას შედეგ დაიკარგა მისი კვალი.
ბრალდებულთა ინტერესების დამცველები აცხადებენ, რომ ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტი პროკურატურის ბრალდების აბსურდულობას ადასტურებს.
მათივე თქმით, საგამოძიებო ქმედებებმა ნათელი გახადა, რომ იაკობ ბრეგვაძის მიერ გამოძიებისთვის მიწოდებული ინფორმაცია არის ცრუ, რადგან ბუნებრივი განათების პირობებში ხიდის ქვეშ შეუძლებელია მას რაიმე დაენახა.
„პირველმა ექსპერიმენტმა დაადასტურა, რომ ბრეგვაძის ჩვენებებში აბსოლუტურად ყველაფერი არის ტყუილი, რასაც ის ამბობს ჩვენებებში, ვერაფერს დაინახავდა, მას მრავალი ჩვენება აქვს მიცემული და ურთიერთსაწინააღმდეგო. მეორე ექსპერიმენტს რაც შეეხება, თუ მართლა ასეთ მანძილში მისდევდნენ ამ სამ პიროვნებას, მაშინ მდევარი დაინახავდა, ვინ სად დაიმალა, მხოლოდ ვერ დაინახავდნენ შაქარაშვილს თუ საით გაიქცა, ანუ დაინახავდნენ ახვლედიანს და ამირხანაშვილს. შესაბამისად, ისინი არ გამოეკიდებოდნენ, ვისაც ვერ ხედავდნენ“, – განაცხადა ვახტან ჩიქოვანის ადვოკატმა თეიმურაზ მაისურაძემ.
"ჩავატარეთ 6 საგამოძიებო ექსპერიმენტი. 6-ვე ექსპერიმენტში დადგინდა, რომ პროკურატურის ვერსია პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში ასახულია სიცრუე და სინამდვილეს არ შეესაბამება. ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ საგამოძიებო ექსპერიმენტების ჩატარებას. ვაპირებთ რომ სხვადასხვა პირები გამოვკითხოთ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და უფრო მეტად წარმოვაჩინოთ ის რეალობა, რაც არსებობს აღნიშნულ საქმეში", - აღნიშნა არჩილ გაგნიძის ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ.


