
"პოლიციამ აჩვენა მაღალი თმენის ვალდებულება და უმაღლესი სტანდარტი"
21/06/2019 11:44:01 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
"პოლიციამ აჩვენა მაღალი თმენის ვალდებულება და უმაღლესი სტანდარტი" - ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომელმაც პოლიტსაბჭოს განცხადება გააცნო საზოგადოებას.
"არ შემიძლია ხაზი არ გავუსვათ ქართული პოლიციის როლს, რომელმაც უმაღლესი თმენის ვალდებულება გამოიჩინა და ლეგიტიმური ძალა გამოიყენეს მხოლოდ უკიდურესად მძიმე ვითარებაში. ვითარებაში, როდესაც მიდიოდა მასობრივი ძალადობის ორგანიზება, რომელიც ემუქრებოდა სამოქალაქო მშვიდობასა და კონსტიტუციურ წესრიგს.
პოლიციამ აჩვენა მაღალი თმენის ვალდებულება და უმაღლესი სტანდარტი.
ყველა ვთანხმდებით, რომ ძალის გამოყენება იყო უკიდურესი აუცილებლობით გამოწვეული და სრულად ლეგიტიმური.
სამწუხაროდ, დესტრუქციული ოპოზიციის მიერ ინსპირირებული დაპირისპირებისას დაშავდნენ ჩვენი თანამოქალაქეები და სამართალდამცავები.
სახელმწიფო, რა თქმა უნდა ყველაფერს გააკეთებს მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის, ხოლო ყველა სამართალდამრღვევს, ყველა დამნაშავეს და პროვოკატორს უმკაცრესად მოუწევს პასუხისგება კანონის წინაშე.
რა თქმა უნდა, ჩვენ მოვახდენთ რეაგირებას იმ ცალკეულ შემთხვევებზეც, თუ კი ადგილი ქონდა ძალის გადამეტებას, რაც დამახასიათებელია მსგავსი მასშტაბის დესტაბილიზაციის დროს პოლიციური ოპერაციებისთვის.
"ქართული ოცნება” არის დემოკრატიული წესით არჩეული ხელისუფლება და იგი მაღალი დემოკრატული სტანდარტით გააგრძელებს ქვეყნის მართვას. ჩვენ არ მივცემთ საშუალებას და შესაძლებლობას პოლიტიკურ რევანშს მოწყურებულ ძალებს, საფრთხე შეუქმნან ქართული სახელმწიფოს მშვიდობიანი განვითარების პერსპექტივას" - განაცხადა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტი დატოვა ირაკლი კობახიძემ. მას არჩილ თალაკვაძე შეცვლის.
რუსთაველის გამზირზე, მოქალაქეებმა გუშინ 20 ივნისს რუსი დეპუტატის საქართველოში ჩამოსვლა და სერგეი გავრილოვის მიერ, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავება გააპროტესტეს. აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ვახტანგ გომელაურის გადადგომას, ასევე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას პროპორციული სისტემით. პარლამენტის წინ სიტუაცია 20 ივნისს, დაახლოებით 22:00 საათზე დაიძაბა, მას შემდეგ, რაც დემონსტრანტები პარლამენტის შენობის შესასვლელისკენ დაიძრნენ. ხელისუფლებამ აქცია ძალის გამოყენებით დაშალა. პოლიციის გამოყენებული ძალის შედეგად დაშავდა ათეულობით ადამიანი. დაშავებულთა შორის არიან ჟურნალისტებიც. მედიის მიერ გადაღებული ვიდეოებით ჩანს, რომ სპეცრაზმელები რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს დამიზნებით ესროდნენ. დაშავებულთა ნაწილს დაზიანებები აქვთ თავისა და სახის არეში. ექიმების თქმით, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას რამდენიმე მათგანისთვის თვალის შენარჩუნების საკითხი. ხელისუფლება აქციის დარბევაზე და მოქალაქეების დაშავებაზე პასუხისმგებლობას აკისრებს ოპოზიციას და არ აპირებს მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებას. ოპოზიცია აცხადებს, რომ საპროტესტო აქციებს აგრძელებს. აქცია დღეს [21 ივნისს] 19:00 სთ-ზეა დაგეგმილი.