Accentnews.ge
პისტოლეტით – სისტემის წინააღმდეგ

პისტოლეტით – სისტემის წინააღმდეგ

19/08/2020 12:21:44 კონფლიქტები

გუშინ ცხინვალში დე ფაქტო შს მინისტრ იგორ ნანიევის ავტომობილი დაცხრილეს. ჩინოსნებზე ბოლო მსგავსი თავდასხმა ოკუპირებულ რეგიონში 2011 წლის პოლიტიკური კრიზისის დროს, მას შემდეგ მოხდა, რაც ოპოზიციის გამარჯვების გამო დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გააუქმეს - მაშინ დე ფაქტო გენპროკურორ თეიმურაზ ხუგაევის ოჯახი ძლივს გადარჩა. კიდევ უფრო ადრე – რუსეთის მიერ ე.წ. “სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის” აღიარებამდეც ხდებოდა მსგავსი თავდასხმები და ყველა ასეთ შემთხვევაში მოტივი პოლიტიკური იყო. ამდენად, ახლაც ადგილობრივი მიმომხილველები უმეტესად სწორედ პოლიტიკურ მოტივს განიხილავენ.

ოს პოლიტოლოგ ვიაჩესლავ გობოზოვს საკუთარი ვერსიების გამოთქმა არ სურს, თუმცა აღნიშნავს, რომ ეს თავდასხმა სახიფათო ასოციაციებს იწვევს და 1990-იანებს ახსენებს, როცა “რესპუბლიკაში შიდა უთანხმოებები (პოლიტიკური, ეკონომიკური თუ უბრალოდ ამბიციების შეჯახება) ძალისმიერი მეთოდებით წყდებოდა”:

“მაშინ სამხრეთ ოსეთს ეს ყველაფერი ძალიან ძვირად დაუჯდა – დაიღუპა ბევრი ადამიანი, მათ შორის – გამორჩეული მოღვაწეები, ბევრიც იძულებული გახდა, რესპუბლიკა დაეტოვებინა. “თოვლის რევოლუციად” (2011) შერაცხული მოვლენების დროსაც იყო მომენტი, როცა მშვიდობიანი დაპირისპირება შეიძლებოდა, შეიარაღებულში გადაზრდილიყო და სწორედ წარსულის მწარე გამოცდილებამ (იმის ხსოვნამ, რად დაგვიჯდა შიდა უთანხმოებების ძალისმიერი მეთოდებით მოგვარების მცდელობები) შეგვაკავა მაშინ სავედისწერო შეცდომისგან. ამიტომაც, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, დანაშაულის არა მარტო ჩამდენების, არამედ მიზეზების დადგენაც, რადგან ეს ძალზე შემაშფოთებელი ფაქტია».

როგორც ამასთან დაკავშირებით “Эхо Кавказа”-ს ადილობრივი იმომხილველი მურატ გუკემუხოვი აღნიშნავს, ისეთი მოვლენა, როგორიც ჩინოსანზე, თან ძალოვანი დე ფაქტო უწყების ხელმძღვანელზე თავდასხმა “ყოველთვის ქმნის საბაბს, სახელმწიფოს ხარისხზე ვისაუბროთ”. მისივე ინფორმაციით, მოქმედი დე ფაქტო რეჟიმის მიმართ კრიტიკის უდიდესი ნაწილი მოქალაქეების მიერ საკუთარი ღირსების დაცვის შეუძლებლობას უკავშირდება, განსაკუთრებით – როცა ეს ღირსება დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების მიერაა შელახული:

“შეგვიძლია, გავიხსენოთ საპარლამენტო არჩევნები, როდესაც უმნიშვნელო მიზეზით, კანონდარღვევით ცსკ-მ ათობით კანდიდატს რეგისტრაციაზე უარი განუცხადა და მათ სასამართლოში საკუთარი საკონსტიტუციო უფლებები ვერ დაიცვეს. შეგვიძლია ასევე, გავიხსენოთ ცხინვალის იზოლატორში პატიმრების წამება. ადამიანებმა შიმშილობა გამოაცხადეს – პროტესტის მშვიდობიანი ფორმა გამოიყენეს, მათ კი ბარბაროსულად მოექცნენ… და მრავალი სხვა [...]”.

ოსი საზოგადო მოღვაწის თემურ ცხურბატის აზრით, “ხელისუფლებას და საზოგადოებას სულ უფრო ნაკლებად ესმით ერთმანეთის, რაც გაღიზიანებასა და დაძაბულობას ზრდის”:

«მინისტრების უმრავლესობა ემსახურება არა სახელმწიფოსა და ხალხს, არამედ ზემდგომს. ხალხს ეს აღიზიანებს, იზოლაციის რეჟიმმა კი ყველაფერი კიდევ უფრო გაამწვავა. და მივიღეთ ასეთი შედეგი. პრინციპში, არა მგონია, იგორ ნანიევს ვინმესთვის განზრახ მიეყენებინა ზიანი. ის ცხინვალის წინააღმდეგობის მოძრაობის პირმშოა, ვაჟკაცურად იბრძოდა და არასოდეს არავის გაურბოდა. ვფიქრობ, ნანიევზე თავდასხმა – ეს იყო დაპირისპირება არა პირადად მასთან, არამედ სისტემასთან, რომელსაც ის ძალაუნებურად განასახიერებს: კრიმინალი ჩვენთან იმდენად ძლიერი არაა, რომ მინისტრებს ცხრილავდნენ. ეს უბრალოდ გაბედული ახალგაზრდაა, რომელსაც ყველაფერი ყელში ამოუვიდა და იგორის სახით სახელისუფლებო სისტემას დაუპირისპირდა. ასეთია ჩემი ვარაუდი. მმართველობის სისტემა ხომ აბსურდამდეა მიყვანილი: კანონს იგნორირებენ, საღ აზრს იგნორირებენ... არავის შეხედულებებს არ უწევენ ანგარიშს, საკუთარის გარდა… ხალხის ხმა არავის ესმის. ეს ჩვენი ხელისუფლების სენია».

ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომელიც ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში გამოიყენება

პუბლიკაციაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორს ეკუთვნის და შესაძლოა, არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S