
გიორგი ვაშაძე: "პირველი გამარჯვება მიღწეულია"
21/06/2019 12:56:38 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
პირველი გამარჯვება მიღწეულია – ირაკლი კობახიძე გადადგა, რომელიც პასუხისმგებელი იყო პარლამენტის შენობაში ამ ანტიქართული ჯგუფების შეშვებაზე და სპიკერის ადგილზე წამოსკუპებაზე, – ამის შესახებ „გაერთიანებული ოპოზიციის“ წარმომადგენელმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
ამასთან, როგორც ვაშაძე ამბობს, ქუჩაში განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებელია შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია.
„მეორე – რა ძალადობაც ხდებოდა ქუჩებში, ამაზე პასუხი უნდა აგოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, შესაბამისად, ჩვენი მოთხოვნაა მისი გადადგომა და მესამე – „ქართულმა ოცნებამ“ მთლიანად დაკარგა ლეგიტიმაცია და დაუყოვნებლივ უნდა დაიწყო მოლაპარაკებები პროპორციულ ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით. ჩვენ უნდა შევქმნათ მექანიზმი, რომ საქართველოში რეჟიმი არ ჩამოყალიბდეს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
მისი შეფასებით, სამარცხვინო იყო „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადება, რომ პოლიცია კანონის ფარგლებში მოქმედებდა.
„ვისაც არ უნდა ჰკითხოთ, პოლიციამ გამოიყენა ძალა ყოველგვარი კანონის დარღვევით. რეზინის ტყვიები იმიტომ არ აქვთ, რომ დაუშინონ ხალხს, ამას აქვს გამოყენების თავისი წესი. მით უმეტეს, რომ არ გვაქვს მხოლოდ რეზინის ტყვიებზე საუბარი, გვაქვს უფრო მძიმე იარაღის გამოყენებაზე საუბარი, ხალხს ყბები აქვს დამტვრეული“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ცნობისთვის: პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დღეს დატოვა.
შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირზე, მოქალაქეებმა გუშინ 20 ივნისს რუსი დეპუტატის საქართველოში ჩამოსვლა და სერგეი გავრილოვის მიერ, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავება გააპროტესტეს. აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ვახტანგ გომელაურის გადადგომას, ასევე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას პროპორციული სისტემით. პარლამენტის წინ სიტუაცია 20 ივნისს, დაახლოებით 22:00 საათზე დაიძაბა, მას შემდეგ, რაც დემონსტრანტები პარლამენტის შენობის შესასვლელისკენ დაიძრნენ. ხელისუფლებამ აქცია ძალის გამოყენებით დაშალა. პოლიციის გამოყენებული ძალის შედეგად დაშავდა ათეულობით ადამიანი. დაშავებულთა შორის არიან ჟურნალისტებიც. მედიის მიერ გადაღებული ვიდეოებით ჩანს, რომ სპეცრაზმელები რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს დამიზნებით ესროდნენ. დაშავებულთა ნაწილს დაზიანებები აქვთ თავისა და სახის არეში. ექიმების თქმით, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას რამდენიმე მათგანისთვის თვალის შენარჩუნების საკითხი. ხელისუფლება აქციის დარბევაზე და მოქალაქეების დაშავებაზე პასუხისმგებლობას აკისრებს ოპოზიციას და არ აპირებს მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებას. ოპოზიცია აცხადებს, რომ საპროტესტო აქციებს აგრძელებს. აქცია დღეს [21 ივნისს] 19:00 სთ-ზეა დაგეგმილი.