
ანქვაბმა გალელი ქართველების მიმართ საკუთარი ხედვა კიდევ ერთხელ განმარტა
19/08/2020 15:00:53 კონფლიქტები
აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერმა ალექსანდრე ანქვაბმა დღეს პასუხი გასცა წინა "ხელისუფლების" მხარდამჭერი ოპოზიციური მოძრაობის – "არუაას" პრეტენზიებსა და მუქარას მის მიერ ამასწინათ გალელი ქართველობის მიმართ დაფიქსირებულ მოსაზრებებთან დაკავშირებით. ანქვაბის საპასუხო განცხადება დღეს სააგენტო «Апсныпресс»-მა გამოაქვეყნა.
«არუაას” წარმომადგენლებმა ამოიკითხეს ჩემს წინა განცხადებაში ის, რაც მასში არ ყოფილა. პირველ რიგში, არსად მითქვამს, “აფხაზეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები”. მე ვთქვი «აფხაზეთში, მათ შორის გალის რაიონში მცხოვრები ქართველები”. მეორეც – არაფერი მითქვამს ისეთი, რაც წინააღმდეგობაში მოვიდოდა აფხაზურ კანონმდებლობასთან. ჩემი კომენტარი არ შეიცავდა მოსაზრებასაც კი ამ მოქალაქეებისთვის პასპორტების დაბრუნების თაობაზე. იგი მოიცავდა მომხდარის მიმართ დამოკიდებულების კონსტატაციას. რატომ ვთვლი ასე? “არუაას” მიმართ პატივისცემის მიუხედავად, იძულებული ვარ, შეგახსენოთ ძალზე მნიშვნელოვანი მოვლენები. გალის რაიონში ქართველი დევნილების ორგანიზებული დაბრუნება 1999 წლის 1 მარტს დაიწყო. იმავე წელს მათ მონაწილეობა მიიღეს მოქმედი კონსტიტუციის მიმართ აფხაზეთის მოქალაქეების დამოკიდებულების შესახებ რეფერენდუმში და ხმა მისცეს აფხაზეთს, როგორც დამოუკიდებელ, სუვერენულ, დემოკრატიულ, სამართლებრივ სახელმწფოს. იმავე 1999 წელს მათ მონაწილეობა მიიღეს საპრეზიდენტო არჩევნებში, ასევე შემდგომ არჩევნებშიც, ასევე საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. დარწმუნებული ვარ? ეს იყო გააზრებული პოლიტიკური გადაწყვეტილებები. მესამე – სულაც არ ვცდილობ ამ პრობლემის გადაყვანას "ეთნიკურ ჭრილში". შეგახსენებთ, არა მარტო გალის, ტყვარჩელისა და ოჩამჩირეს რაიონებში მცხოვრები ქართველები, არამედ აფხაზეთის ყველა სხვა ეროვნების მაცხოვრებლებიც აფხაზური პასპორტის მიღებისას, ცნობილი გადაწყვეტილებების გამო იძულებულები არიან, წარადგინონ დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს აფხაზეთში მათ ყოფნას “მოქალაქეობის შესახებ” კანონის მიღებამდე. აი, როდის წარმოიშვა “ეთნიკური ჭრილი”.
თუ გადაწყვეტილება, აფხაზეთის სამ რაიონში მცხოვრები ქართველებისთვის პასპორტები ჩამოერთვათ, სწორი იყო, მაშ როგორ ავხსნათ ის, რომ ამ კატეგორიის თითქმის 2400 მოქალაქეს უხანგრძლივდებოდა აფხაზური უცხოური პასპორტების მოქმედების ვადები? რომ მათზე გაიცემოდა დიდი რაოდენობით ფორმა №9 (იგივე პასპორტი) ცნობილი გადაწყვეტილებისა და “მოქალაქეობის შესახებ” კანონის მიღების შემდეგ? რატომ იღებს გალის რაიონის დაახლოებით 4 700 მცხოვრები აფხაზურ პენსიებს? რატომ შეადგენს “საქართველოს მოქალაქეებით” დასახლებული რეგიონი (2015 – 2020 წ.წ.) ყოველწლიურ პირდაპირ დოტაციებს 129-დან 172 მილიონამდე რუბლის ოდენობით? ვის დოტირებას ახდენს სახელმწიფო? საიდან ფინანსდება გალის რაიონის სკოლების პედაგოგების ხელფასები აფხაზურთან ერთად? რაიმე შეიცვალა ამ მხრივ ბოლო 6 წელიწადში? შემოვიფარგლები ამ მაგალითებით. ისინი ვერ გახდება სარკაზმის საგანი ვერავის მხრიდან. ეს მხოლოდ სამწუხარო ფაქტებია იმისა, რომ ყველანი შექმნილი გარემოებების ტყვეობაში აღმოვჩნდით. ვშიშობ, ეს პრობლემები კიდევ დიდხანს შეგვახსენებს თავს და სირთულეებს შეუქმნით ჩვენი ქვეყნის მომავალ ხელისუფლებებსაც. რაც შეეხება “კანონმდებლობის დარღვევას”, მე ის არ დამირღვევია. არც სამომავლოდ ვაპირებ. ასე მასწავლეს და იმიტომ. გასული წლების განმავლობაში ყველას ბევრი რამის გადატანა მოგვიწია. ამიტომაც სჯობს, ერთმანეთს პატივისცემით მივუდგეთ. ეს, უპირველესად, ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებშია. მე იმის მომხრე ვარ, რომ სწორედ ასეთი ურთიერთობები ვაშენოთ. შესაძლოა, ოდესმე შევძლებთ საფუძვლის ჩაყრას ეროვნული პოლიტიკური კულტურისთვის», – ნათქვამია ანქვაბის განცხადებაში.
ცნობისთვის: “არუაას” აღშფოთება გამოიწვია ანქვაბის რამდენიმე დღის წინანდელმა განცხადებამ იმის შესახებ, რომ “ხელისუფლება აფხაზეთში, მათ შორის გალის რაიონში მცხოვრებ ყველა ქართველს, რომელთაც აფხაზების წინააღმდეგ არ უბრძოლიათ, თავის მოქალაქეებად მიიჩნევს”. “არუაამ” ეს განცხადება “ანტისახალხო ქმედებად” მონათლა.