
დაურ კოვე: "დროა, საქართველოსთან ურთიერთობის საკითხში რაღაც გადაწყვეტილებაზე ჩამოვყალიბდეთ"
20/08/2020 06:38:35 კონფლიქტები
აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი დაურ კოვე თვლის, რომ "დროა, აფხაზები საქართველოსთან ურთიერთობების საკითხში რაღაც გადაწყვეტილებაზე ჩამოყალიბდნენ". ამის შესახებ მან სოციალურ-ეკონომიკური კვლევების ცენტრში, გეოპოლიტიკისა და, საინფორმაციო უსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილი მორიგი "მრგვალი მაგიდის" მსვლელობისას განაცხადა.
"აქ გაიჟღერა საინტერესო კითხვამ: რა გველის, რუსეთმა და საქართველომ რომ მოილაპარაკონ?... ჩვენ ხომ არ გამოვრიცხავთ ამის შესაძლებლობას... რა თქმა უნდა, ქვეყნებს აქვთ საკუთარი ინტერესი და არავინ ამბობს, რომ შეუძლებელია, რუსეთ-საქართველოს შესაძლო შეთანხმება აფხაზეთის საწინააღმდეგო აღმოჩნდეს. ამ ყველაფერზე უნდა ვისაუბროთ. [...] უნდა გავაანალიზოთ, რა გაკეთდა ჩვენი დამოუკიდებლობის აღიარებიდან განვლილი 12 წლის განმავლობაში, რაში შევცდით - ეს ყველაფერი უნდა ითქვას და მერე გზა განვაგრძოთ. თუმცა ამ 12-მა წელმა შესაძლებლობა მოგვცა, დარწმუნებულები ვიყოთ ჩვენს მომავალში. ჩვენ გვყავს ძალზე სანდო მოკავშირე, რომლის წყალობითაც გვაქვს შესაძლებლობა, განვვითარდეთ" – განაცხადა კოვემ.
ამასთან, მან ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატს დაუჭირა მხარი და, უშიშროების საბჭოს დე ფაქტო მდივან სერგეი შამბასგან განსხვავებით, აღნიშნა, რომ “სხვა ფორმატი აფხაზეთს არ სჭირდება”:
“ჩვენს საზოგადოებაში ბევრს საუბრობენ ჟენევის დისკუსიებზე და მესმის, რომ არსებობს მოთხოვნა შედეგებზე. მაგრამ ეს 12-წლიანი დისკუსიები შესაძლებლობას გვაძლევს, გამოვდიოდეთ ერთ პლატფორმაზე ისეთ აქტორებთან, როგორებიცაა რუსეთი, ამერიკა, საქართველო. ეს არის ფორმატი, რომელსაც ესწრებიან გაერო-ს, ეუთო-ს, ევროკავშირის წარმომადგენლები და ის პლატფორმა, რომელზეც ჩვენ ჩვენს პოზიციებს ვაფიქსირებთ. სხვა ფორმატი აფხაზეთს არ სჭირდება” – აღნიშნა დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ამავდროულად, მისი აზრით, “დროა, აფხაზეთი საქართველოსთან ურთიერთობების საკითხში რაღაც გადაწყვეტილებაზე ჩამოყალიბდეს”:
«ძალზე მნიშვნელოვანია, გავიგოთ, რას ვხედავთ პერსპექტივაში? ჩვენ საქართველოს მტრულ სახელმწიფოდ ვხედავთ? ჩვენ ვხედავთ მას სახელმწიფოდ, რომელთანაც რაღაც სავაჭრო დიალოგი უნდა ვაწარმოოთ? თუ ვხედავთ მას სახელმწიფოდ, რომელიც პერსპექტივაში აღიარებს ჩვენს დამუკიდებლობას და სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებს ჩამოვაყალიბებთ? რას განვსაზღვრავთ ჩვეთვის პრიორიტეტად? - დროა, რაღაც გადაწყვეტილებაზე ჩამოვყალიბდეთ”.