Accentnews.ge
შამბას თბილისთან მოლაპარაკებების "არასახელმწიფო" ფორმატების განახლება სურს, კოვეს – მხოლოდ ჟენევა

შამბას თბილისთან მოლაპარაკებების "არასახელმწიფო" ფორმატების განახლება სურს, კოვეს – მხოლოდ ჟენევა

20/08/2020 07:23:27 კონფლიქტები

აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შამბა "საქართველოსთან სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებისადმი აფხაზეთის მიდგომის პარადოქსულობაზე" საუბრობს.

“როგორც კი ვამბობთ, რომ აუცილებელია საუბარი საქართველოსთან, იმწამსვე იწყება ყვირილი: არა, «ჯერ გვაღიარონო»... როგორ გვაღიარებენ, თუ საუბარიც კი არ გვსურს?!» - განაცხადა შამბამ სოხუმის სოციალურ-ეკონომიკური კვლევების ცენტრში, გეოპოლიტიკისა და, საინფორმაციო უსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილი მორიგი "მრგვალი მაგიდის" მსვლელობისას.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ «რეალურად, მთელი ეს წლები აფხაზეთი იზოლაციონისტურ პოლიტიკას ატარებდა" და მოლაპარაკებათა ზოგიერთი ძველი ფორმატის განახლების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება.

«გავიხსენოთ დრო, როცა პრეზიდენტად არძინბა გვყავდა, - მოლაპარაკებათა რამდენი არხი გაგვაჩნდა მაშინ და რამდენი შეხვედრები იმართებოდა სხვადასხვა – როგორც სახელმწიფო, ისე არასახელმწიფო დონეზე! იმხანად მოლაპარაკებებში მაღალი რანგის ბევრი ჩინოსანი მონაწილეობდა, ეს პრაქტიკულად ყველამ გამოიარა... ახლა გაერო ისეთ შუამავლად აღარ გვევლინება, როგორიც იყო ადრე, ეს ფორმატი აღარ არსებობს. მაგრამ რა გვიშლის ხელს, გავაგრძელოთ მოლაპარაკებები, რომელიც არასახელმწიფო დონეზე არსებობდა?!” - აღნიშნა მან.

თუმცა შეხვედრაზე მყოფმა დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა დაურ კოვემ ეს მოსაზრება არ გაიზიარა და განაცხადა, რომ აფხაზეთს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების გარდა, სხვა ფორმატი არ სჭირდება:

“ჩვენს საზოგადოებაში ბევრს საუბრობენ ჟენევის დისკუსიებზე და მესმის, რომ არსებობს მოთხოვნა შედეგებზე. მაგრამ ეს 12-წლიანი დისკუსიები შესაძლებლობას გვაძლევს, გამოვდიოდეთ ერთ პლატფორმაზე ისეთ აქტორებთან, როგორებიცაა რუსეთი, ამერიკა, საქართველო. ეს არის ფორმატი, რომელსაც ესწრებიან გაერო-ს, ეუთო-ს, ევროკავშირის წარმომადგენლები და ის პლატფორმა, რომელზეც ჩვენ ჩვენს პოზიციებს ვაფიქსირებთ. სხვა ფორმატი აფხაზეთს არ სჭირდება”.

ამავდროულად, დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა ისიც აღნიშნა, რომ "დროა, აფხაზეთი საქართველოსთან ურთიერთობის საკითხში რაღაც გადაწყვეტილებაზე ჩამოყალიბდეს":

«ძალზე მნიშვნელოვანია, გავიგოთ, რას ვხედავთ პერსპექტივაში? ჩვენ საქართველოს მტრულ სახელმწიფოდ ვხედავთ? ჩვენ ვხედავთ მას სახელმწიფოდ, რომელთანაც რაღაც სავაჭრო დიალოგი უნდა ვაწარმოოთ? თუ ვხედავთ მას სახელმწიფოდ, რომელიც პერსპექტივაში აღიარებს ჩვენს დამუკიდებლობას და სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებს ჩამოვაყალიბებთ? რას განვსაზღვრავთ ჩვეთვის პრიორიტეტად? - დროა, რაღაც გადაწყვეტილებაზე ჩამოვყალიბდეთ”.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S