
"ყველა გაიქცა, შეატოვეს ახალგაზრდები და პოლიციელები ერთმანეთს"
21/06/2019 13:24:28 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
შს მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, "პოლიტიკოსები, რომლებმაც დააპროვოცირეს ჩვენი რიგითი მოქალაქეები, შემდეგ მოედნიდან გაქრნენ, არც ერთი მათგანი 22:00 საათის შემდეგ იქ არ ყოფილა".
როგორც მინისტრმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, პოლიტიკოსები გაიქცნენ რუსთაველის გამზირიდან და ახალგაზრდები და პოლიციელები თავიანთი პროვოკაციების შემდეგ ერთმანეთს შეატოვეს.
„უდიდესი აღშფოთება გამოიწვია ჩემში იმან, რომ პოლიტიკოსები, რომლებმაც დააპროვოცირეს ჩვენი რიგითი მოქალაქეები, შემდეგ მოედნიდან გაქრნენ. პარტიების კონკრეტულმა წარმომადგენლებმა შეძლეს, რომ პოლიცია და მოქალაქეები ერთმანეთთან დაეპირისპირებინათ. არც ერთი მათგანი 22:00 საათის შემდეგ იქ არ ყოფილა. ყველა გაიქცა იქიდან და შეატოვეს ახალგაზრდები და პოლიციელები თავიანთი პროვოკაციების შემდეგ ერთმანეთს“,- განაცხადა გახარიამ.
შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირზე, მოქალაქეებმა გუშინ 20 ივნისს რუსი დეპუტატის საქართველოში ჩამოსვლა და სერგეი გავრილოვის მიერ, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავება გააპროტესტეს. აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ვახტანგ გომელაურის გადადგომას, ასევე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას პროპორციული სისტემით. პარლამენტის წინ სიტუაცია 20 ივნისს, დაახლოებით 22:00 საათზე დაიძაბა, მას შემდეგ, რაც დემონსტრანტები პარლამენტის შენობის შესასვლელისკენ დაიძრნენ. ხელისუფლებამ აქცია ძალის გამოყენებით დაშალა. პოლიციის გამოყენებული ძალის შედეგად დაშავდა ათეულობით ადამიანი. დაშავებულთა შორის არიან ჟურნალისტებიც. მედიის მიერ გადაღებული ვიდეოებით ჩანს, რომ სპეცრაზმელები რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს დამიზნებით ესროდნენ. დაშავებულთა ნაწილს დაზიანებები აქვთ თავისა და სახის არეში. ექიმების თქმით, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას რამდენიმე მათგანისთვის თვალის შენარჩუნების საკითხი. ხელისუფლება აქციის დარბევაზე და მოქალაქეების დაშავებაზე პასუხისმგებლობას აკისრებს ოპოზიციას და არ აპირებს მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებას. ოპოზიცია აცხადებს, რომ საპროტესტო აქციებს აგრძელებს. აქცია დღეს [21 ივნისს] 19:00 სთ-ზეა დაგეგმილი.
დღეს პარლამენტის თავმჯდომარის პოსტი დატოვა ირაკლი კობახიძემ. მას არჩილ თალაკვაძე შეცვლის.