
"თუ ისანში "ნაციონალური მოძრაობა" მაჟორიტარ კანდიდატს დააყენებს, მე მას დავამარცხებ"
20/08/2020 09:26:22 საშინაო პოლიტიკა
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ხელმძღვანელი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში თუ ისანში მას “ნაციონალური მოძრაობა” კანდიდატს დაუყენებს, ის მაინც გაიმარჯვებს და იბრძოლებს “დამსხვრეული ოცნებების პარტიის” დასამარცხებლად.
„მე ვარ ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრება იცავს ყველა პირობას და შეთანხმებას, რაც კი ოდესმე გაგვიკეთებია, იგივე მოლოდინი მაქვს „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან. მათ უნდა გადაწყვიტონ, იცავენ შეთანხმებას, თუ არა. ისინი თუ დაარღვევენ ამ შეთანხმებას, ეს ძალიან ცუდი იქნება, მაგრამ თუ დამიყენებენ ისანში მაჟორიტარ კანდიდატს, მე დავამარცხებ მათ მიერ დაყენებულ კანდიდატს და შემდეგ აუცილებლად დავამარცხებ „ქართული ოცნების“ კანდიდატსაც, რომელიც არის ჩვენი მთავარი სამიზნე“, – განაცხადა ვაშაძემ.
„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ განიხილავენ ისნის საარჩევნო ოლქში, ოპოზიციის საერთო მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გიორგი ვაშაძის კონკურენტის დასახელებას.
"ჩვენს ამომრჩეველს ნამდვილად აწუხებს ის, რომ ისანში, სადაც ნაციონალური მოძრაობის ორგანიზაცია ძლიერად არის წარმოდგენილი, არ გვყავს ჩვენი საკუთარი კანდიდატი", - განაცხადა პარტიის ერთ–ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში და დაამატა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ.