
ცხინვალის დე ფაქტო სასამართლო ხვიჩა მღებრიშვილის განაჩენს ხვალ გამოაცხადებს
20/08/2020 14:45:44 კონფლიქტები
ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო სასამართლო მეჯვრისხეველი ხვიჩა მღებრიშვილის საქმეზე განაჩენს 21 აგვისტოს დღის 12 საათზე გამოაცხადებს, – იუწყება "რადიო თავისუფლება" ცხინვალელ წყაროზე დაყრდნობით. "მისი ინფორმაციით, მღებრიშვილი ოჯახს ახლო მომავალში დაუბრუნდება", – წერს გამოცემა.
საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა მეჯვრისხეველი ხვიჩა მღებრიშვილი 3 ივლისს დააკავეს. მას ბრალად დასდეს ე.წ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა და "წითელ წიგნში" შეტანილი იშვიათი სახეობების მოპოვების მცდელობა.დე ფაქტო უშიშროების კომიტეტმა მღებრიშვილის "ვიდეოაღიარებაც" გაავრცელა, რომლის მიხედვით, "იგი ოკუპირებულ ტერიტორიაზე ღამურების დასაჭერად იყო გადასული და ამისთვის 5 ათასიდან 10 ათას დოლარამდე ჰპირდებოდნენ".
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოდგილის ირაკლი ანთაძის თქმით, 30 ივლისს ერგნეთის შეხვედრაზე ოსურ მხარეს ღამურების ეპიზოდზე აღარ უსაუბრია.
ოჯახი ხვიჩა მღებრიშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს და წინააღმდეგ შემთხვევაში საპროტესტო აქციებს გეგმავს.