შაქარაშვილის საქმის პროკურორი: "საქართველოში სისხლის სამართლის საქმეზე სიცრუის დეტექტორის გამოყენების პრაქტიკა არ არსებობს"
20/08/2020 15:00:39 სამართალი
გიორგი შაქარაშვილის საქმის პროკურორ დავით ყაზარაშვილის განცხადებით, საქართველოში სისხლის სამართლის საქმეზე სიცრუის დეტექტორის გამოყენების პრაქტიკა არ არსებობს.
„სიცრუის დეტექტორი საქართველოში სამართლებრივად არ არსებობს, აღნიშნული დეტექტორი არ გამოყენებულა, ასეთ საგამოძიებო ან საპროცესო მოქმედებას არ იცნობს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ დაცვის მხარეს აქვს ამის გამოცდილება, თუ ისინი მიიჩნევენ, რომ ეს არის საგამოძიებო ან საპროცესო მოქმედება, შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას, მათ შეუძლიათ, თავად ჩაატარონ ნებისმიერი საგამოძიებო მოქმედება, რომელიც მოესურვებათ", – განაცხადა დავით ყაზარაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული პირების ადვოკატების ინფორმაციით, სიცრუის დეტექტორის მეშვეობით ჩვენების მიცემას ბრალდებული სამი არასრულწლოვანი – ზ.ხ.;ლ.შ. და ა.ქ. ითხოვს, რომლებმაც პროტესტის ნიშნად, შიმშილობა დაიწყეს.


