
ნადარაია ბჟანიას მრჩეველს მოუწოდებს, ინაშვილთან შეხვედრა დაადასტუროს ან უარყოს
20/08/2020 19:16:12 კონფლიქტები
გალის ოკუპირებული რაიონის დე ფაქტო ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი თემურ ნადარაია დე ფაქტო ხელისუფლებას მოუწოდებს, დაადასტუროს ან უარყოს ინფორმაცია, რომ "პრეზიდენტ" ასლან ბჟანიას მრჩეველი "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერ ირმა ინაშვილს საიდუმლოდ შეხვდა.
„სხვადასხვა ინფორმაციით, 18 აგვისტოს გალის რაიონის ტერიტორიაზე გაიმართა აფხაზეთის პრეზიდენტის მრჩევლის ლაშა საკანიას გასაიდუმლოებული შეხვედრა ქართველ პოლიტიკოს ირმა ინაშვილთან. ვთხოვ ლაშა საკანიასა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, დაადასტუროს ან უარყოს ეს ინფორმაცია“, – წერს თემურ ნადარაია "ფეისბუქში" პირად გვერდზე.
“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერები ირმა ინაშვილი და დავით თარხან-მოურავი ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე 18 აგვისტოს იმყოფებოდნენ, – იუწყება “მთავარი არხი”.
მისივე ცნობით, “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერებმა უპრობლემოდ გადაკვეთეს საგუშაგო პოსტი.
"სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის თანამშრომლის თქმით, ორივე პოლიტიკოსი, უკან დაბრუნების შემდეგ, გამშვები პუნქტიდან საკარანტინო ზონაში, განმუხურში თავად გადაიყვანა", – იუწყება ტელეკომპანია.
საკითხთან დაკავშირებით “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერებს კომენტარი ჯერ–ჯერობით არ გაუკეთებიათ.