
“ქართველებს მტრებად არ ვთვლი… დიახ, გვქონდა ეთნოკონფლიქტიც, მაგრამ ეს მეტწილად მაინც პოლიტიური კონფლიქტი იყო”
20/08/2020 19:46:52 კონფლიქტები
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივნის სერგე შამბას განცხადებით, იგი ქართველებს მტრებად არ მიიჩნევს. ამის შესახებ შამბამ “Эхо Москвы”-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
«მე საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლის ლიდერი ვიყავი [ …], მაგრამ შემდგომში გავხდი პირველი, ვინც დაიწყო საუბარი დიალოგისა და ერთობლივ მომავალზე ფიქრის აუცილებლობაზე. დარწმუნებული ვარ, ახლაც შესაძლებელია საქართველოსთან დიალოგის დაწყება” – განაცხადა ყოფილმა (14 წლის განმავლობაში) დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა შამბამ.
მან აღნიშნა, რომ “ქართველებს მტრებად არ თვლის, საქართველოში ბევრი მეგობარი ჰყავს და დიახ, მართალია, იყო ეთნოკონფლიქტიც, მაგრამ ეს მეტწილად მაინც პოლიტიკური კონფლიქტი იყო».
2008 წლის აგვისტოს მოვლენების გახსენებისას შამბამ აღიარა, რომ ჯერ კიდევ ომამდე რუსეთმა “გარკვეული ზომები მიიღო»:
«უპირველესად, დაიწყეს რკინიგზის რემონტი, რისთვისაც ჩამოიყვანეს 400-მდე მშენებელი სამხედრო. გარდა ამისა, აქ სადესანტო-საიერიშო ქვედანაყოფი იყო დისლოცირებული. სამხრეთ ოსეთში 5-დღიანი ომის დროს ქართული ჯარის დიდი ნაწილი მაინც დასავლეთ საქართველოში იყო მობილიზებული, რადგან ელოდნენ დარტყმას აფხაზეთის მხრიდან. და რეალურად, ჩვენ მართლაც ვაპირებდით სამხრეთ ოსეთის სამხედრო დახმარებას. საქართველოს მიმართულებით ჯარი დაიძრა კიდეც. მაგრამ მაშინ იდგნენ რუსეთის სამშვიდობო ძალები, რომლებმაც ჯარს გზა გადაუღობეს. გვქონდა მოლაპარაკებები. საბოლოო ჯამში, მივიღეთ გადაწყვეტილება, დარტყმა კოდორის მიმართულებით გადაგვემისამართებინა, სადაც, აფხაზეთის ტერიტორიაზე ასევე ქართული ჯარი იყო მობილიზებული».
შამბამ 2008 წლის ივნისის ბოლოს – ომამდე დაახლოებით ერთი თვით ადრე სტოკჰოლმში “სააკაშვილის უახლოეს გარემოცვასთან შეხვედრაც” გაიხსენა.
«და აი, საუბრისას ისინი სისტემატიურად მიგვანიშნებდნენ (სურდათ, უფრო დამყოლებად ვექციეთ, რომ დათმობებზე წავსულიყავით), რომ ძალზე ძლიერი არმია ჰყავდათ, ამერიკელების დახმარებით აღჭურვილი, რომ მსგავსი ჯარი რუსეთს არ ჰყავდა და სურვილის შემთხვევაში მოსკოვამდე მივიდოდნენ და რომ საერთოდაც, რუსები არ ჩაერეოდნენ, თუ კონფლიქტი აფხაზეთში დაიწყებოდა. თუმცა უფრო მეტად სამხრეთ ოსეთზე მიანიშნებდნენ. უნდოდათ, ასე დავეშინებინეთ», — ირწმუნება შამბა.