ბჟანია აფხაზური ეკლესიის ავტოკეფალიის იდეას მხარს უჭერს, თუმცა აწმ-ს სთხოვს, “რუსეთთან ურთიერთობა არ დააზიანოს”

21-08-2020 11:06:16 კონფლიქტები

ხანგრძლივი (აპრილიდან) კარანტინის შემდეგ ახალი ათონის სამონასტრო კომპლექსი და “აფხაზეთის წმინდა მიტროპოლია” ცხოვრების ჩვეულ რითმს უბრუნდებიან. მონასტერი, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ტურისტულ მიმართულებას წარმოადგენს, რუსეთთან დე ფაქტო საზღვრის გახსნისთანავე ასევე გაიხსნა. სექტემბრის დასაწყისში კი ეპარქიას აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერი ასლან ბჟანია ეწვევა და მის სამეურნეო, საყოფაცხოვრებო თუ სხვა სახის პრობლემებს ადგილზე გაეცნობა.

ეს გადაწყვეტილება ე.წ. “აფხაზეთის წმინდა მიტროპოლიის” (აფხაზეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან დაპირისპირებული საეკლესიო ფრთა, რომელიც, მისგან განსხვავებით, არა რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის, არამედ კონსტანტინოპოლისკენ იხრება) წარმომადგენლების ბჟანიასთან შეხვედრის შედეგად იქნა მიღებული, რომელიც რელიგიური ორგანიზაციის ინიციატივით გაიმართა.

“წმინდა მიტროპოლიის” საბჭოს მდივნის, გერმან მარშანის https://www.ekhokavkaza.com/a/30794306.html ინფორმაციით, მხარეებმა ეპარქიისა და სამონასტრო კომპლექსის ტექნიკურ, ფინანსურ და სამეურნეო პრობლემებზე იმსჯელეს. როგორც ცნობილია, მრავალი წლის განმავლობაში ეპარქია საკუთარი ძალებით, ყოველგვარი დახმარების გარეშე ცდილობს ტაძრებისა და სხვა სივრცეების რეკონსტრუირებას; იხდის გადასახადებს, ასევე ელექტროენერგიის იმავე ტარიფს, რომელსაც კომერციული ორგანიზაციები. გარდა ამისა, დაურეგულირებელი რჩება მის ტერიტორიაზე არსებული ობიექტებით სარგებლობის უფლებრივი საკითხები.

გარდა ამისა, მარშანის ინფორმაციით, შეხვედრაზე “აფხაზეთის ტერიტორიაზე ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის ჩამოყალიბების” საკითხები განიხილეს.

“ყველა მხარე თანხმდება იმაში, რომ აუცილებელია მოძრაობა აფხაზეთში მართლმადიდებელი ეკლესიის სტატუსის სრული აღდგენის მიმართულებით. თუმცა საზოგადოებას აფხაზეთის წმინდა მიტროპოლიის (აწმ) საქმიანობის მიმართულება ყოველთვის სწორად როდი ესმის. ფიქრობენ, რომ აწმ-ს გარკვეული კონფლიქტი აქვს რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან. პრეზიდენტს განემარტა, რომ მსგავსი რეალურად, არაფერი ხდება და ვერც მოხდება, რადგან მთელი მართლმადიდებელი თანამეგობრობა აფხაზეთის კანონიკურ ტერიტორიას ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ნაწილად მიიჩნევს. შესაბამისად, აფხაზური მართლმადიდებელი ეკლესიის ჩამოყალიბების პრობლემები არა რუსულ ეკლესიას უკავშირდება, რომელიც აფხაზეთში მართლმადიდებლებს უწევდა და უწევს დახმარებას, არამედ ქართულს» - განაცხადა გერმან მარშანმა.

დე ფაქტო პრეზიდენტმა საჭირბოროტო საყოფაცხოვრებო პრობლემების ადგილზე გასაცნობად აწმ-ის მონახულების სურვილი გამოთქვა. განისაზღვრა წინასწარი თარიღიც – სექტემბრის დასაწყისი.

რაც შეეხება აწმ-სა და ზოგადად “აფხაზეთის ტერიტორიაზე ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის ჩამოყალიბების” თემას, გერმან მარშანის ინფორმაციით, ასლან ბჟანიამ “აფხაზეთის წმინდა მიტროპოლიის” მიმართ პოზიტიური განწყობა და სამომავლო ურთიერთქმედებისთვის მზადყოფნა დააფიქსირა. მან მართლმადიდებელთაშორისი კომისიის ჩამოყალიბებასაც დაუჭირა მხარი, თუმცა მოუწოდა აწმ-ს, “არ აჩქარდეს და ამით აფხაზეთის სტრატეგიულ პარტნიორ რუსეთთან ურთიერთობები არ დააზიანოს”.

ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში გამოიყენება