
ლენტეხის მერი მოსახლეობის ევაკუაციას არ გამორიცხავს: "ცენტრალურ ხიდს საშიშროება ემუქრება"
21/08/2020 12:00:31 რეგიონები
ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი ბადრი ლიპარტელიანი სტიქიის გამო მოსახლეობის ევაკუაციას არ გამორიცხავს.
"შემიძლია ვთქვა, რომ დღეს ყველაზე რთული ვითარებაა ჩვენთან. მდინარე კალაპოტიდან გადმოვიდა, ცენტრალურ ხიდს საშიშროება ემუქრება. თუკი ასეთი ამინდი გაგრძელდება, შეიძლება მოსახლეობის ევაკუაცია გახდეს საჭირო", - განაცხადა ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერმა ბადრი ლიპარტელიანმა.
"ლენტეხის მუნიციპალიტეტი სტიქიას ებრძვის.წვიმის სახით მოსულმა ნალექმა, სოფლები - დურაში, ტვიბი, ესიერი, და მუწდი გარესამყაროს მოწყვიტა.წაღებულია საავტომობილო და საფეხმავლო გზები. დაზიანებულია სამი ხიდი-მუწდის ხიდი მდინარე მუხრაზე, დურაშის ხიდი მდინარე ჩოლშურაზე დაესიერის ხიდი მდინარე ჩოლშურზე. სოფელ საყდარში მდინარე ჩოლშურა გადმოვიდა გზის სავალ ნაწილზე და გარესამყაროს მოწყვიტა ჩიხარეშის, ჟახუნდერის და ჩოლურის თემები.
ამ დრომდე ძლიერად წვიმს, რაც სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების დაწყებას აფერხებს.გარესამყაროს მოწყვეტილი სოფლების მოსახლეობასთან ამ ეტაპზე მხოლოდ სატელეფონო კავშირი გვაქვს.ამინდის დასტაბილურებასთან ერთად დაიწყება სწრაფი და კოორდინირებული მუშაობა ეფექტიანი შედეგების მისაღებად", – ნათქვამია ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.