
სუს–ი: "ხვიჩა მღებრიშვილის პატიმრობაზე სრული პასუხისმგებლობა საოკუპაციო რეჟიმს ეკისრება"
21/08/2020 14:01:03 კონფლიქტები, სამართალი
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ხვიჩა მღებრიშვილის პატიმრობაზე სრულ პასუხისმგებლობას საოკუპაციო რეჟიმს აკისრებს და აცხადებს, რომ ქართული მხარე უკანონოდ დაკავებული მოქალაქის გასათავისუფლებლად მუშაობას გააგრძელებს.
"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით მოქმედი „ცხელი ხაზით“ მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ადასტურებს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში საქართველოს მოქალაქე ხვიჩა მღებრიშვილისთვის უკანონო პატიმრობის სამი თვით გაგრძელების ფაქტს. აღნიშნული წარმოადგენს უკანონო ქმედებას, რაზეც სრული პასუხისმგებლობა საოკუპაციო რეჟიმს ეკისრება. აღნიშნული ე.წ. „გადაწყვეტილება“ კიდევ ერთხელ წარმოაჩენს ოკუპირებულ რეგიონში ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევას და ადგილზე უსაფრთხოების კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობას. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, კვლავ განაგრძობს მუშაობას ხვიჩა მღებრიშვილის გასათავისუფლებლად და აღნიშნულ უკანონო გადაწყვეტილებაზე საერთაშორისო ორგანიზაციების და საქართველოს პარტნიორი ქვეყნების ინფორმირებას", – ნათქვამია სუს–ის განცხადებაში.
დღეს ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო საქალაქო სასამართლომ საქართველოს მოქალაქე ხვიჩა მღებრიშვილს 3-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
მოსამართლემ იგი დამნაშავედ სცნო რუსეთის ფედერაციის სს კოდექსის 322-ე - "სახელმწიფო საზღვრის დარღვევის" მუხლით გათვალისწინებუ ქმედებაში.
საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა მეჯვრისხეველი ხვიჩა მღებრიშვილი 3 ივლისს დააკავეს. მას ბრალად დასდეს ე.წ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა და "წითელ წიგნში" შეტანილი იშვიათი სახეობების მოპოვების მცდელობა.დე ფაქტო უშიშროების კომიტეტმა მღებრიშვილის "ვიდეოაღიარებაც" გაავრცელა, რომლის მიხედვით, "იგი ოკუპირებულ ტერიტორიაზე ღამურების დასაჭერად იყო გადასული და ამისთვის 5 ათასიდან 10 ათას დოლარამდე ჰპირდებოდნენ".
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოდგილის ირაკლი ანთაძის თქმით, 30 ივლისს ერგნეთის შეხვედრაზე ოსურ მხარეს ღამურების ეპიზოდზე აღარ უსაუბრია.
ოჯახი ხვიჩა მღებრიშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს და წინააღმდეგ შემთხვევაში საპროტესტო აქციებს გეგმავს.