
ხაშურის შემოვლითი გზა გაიხსნა
22/08/2020 08:16:10 რეგიონები
ხაშურის შემოვლითი, 13–კილომეტრიანი ახალი გზა გაიხსნა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ახალი გზის 13 კმ-დან, გზის 11.5 კმ-იან მონაკვეთზე ექსპლუატაციაში შევიდა ავტომაგისტრალის ახალი ოთხი ზოლი, ხოლო 1.5 კმ-იან მონაკვეთზე ავტოტრანსპორტი დროებით იმოძრავებს ორზოლიანი გზით. ახალი გზის საშუალებით გადაადგილების დრო 40-50%-ით შემცირდება და მგზავრობა არსებულ გზაზე ნაცვლად 20 წუთისა, 10 წუთში იქნება შესაძლებელი.
"რიკოთიც რომ დასრულდება, ჩვენ სულ სხვა ქვეყანას მივიღებთ" - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, რომელიც ხაშურის შემოვლითი გზის გახსნას დაესწრო.
"წელს უკვე გავხსენით ქუთაისის შემოვლითი გზის 19 – კილომეტრიანი მონაკვეთი, ასევე ჯაპანა-ლანჩხუთის 12 – კილომეტრიანი მონაკვეთი. მიმდინარეობს ასევე, ბათუმის შემოვლით გზაზე მუშაობა და 2022 წლისთვის ჩვენ სხვა ქვეყანაში ვიცხოვრებთ. წელს ყველაზე მასშტაბური გახსნებია, საერთო ჯამში 70 კილომეტრი გაიხსნება და შესრულდება ყველაზე მასშტაბური სამუშაოები, რაც აქამდე ყოფილა აღმოსავლეთ-დასავლეთ მაგისტრალზე. როგორც კი რიკოთი დასრულდება, ხარისხობრივად ახალ ქვეყანას მივიღებთ", - განაცხადა გიორგი გახარიამ.