
რუსთაველი, დღე მეორე: მომიტენგეთა მოთხოვნები შეცვლილია
21/06/2019 15:44:34 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ აქცია განახლდა. მომიტინგეები შს მინისტრ გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადადგომას, 2020 წელს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას და ყველა იმ პირის კანონით დასჯა მოითხოვს, ვისაც უფლებამოსილების გადამეტება დაუმტკიცდება.
მოთხოვნების შესასრულებლად მათ ხელისუფლებას 3 საათი მისცეს.
შეგახსენებთ, რომ გუშინ დემონსტრანტები პარლამენტის თავმჯდომარის, შს მინისტრის, სუს–ის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გადადგომას და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვდნენ.
ცნობისთვის: რუსთაველის გამზირზე, მოქალაქეებმა გუშინ 20 ივნისს რუსი დეპუტატის საქართველოში ჩამოსვლა და სერგეი გავრილოვის მიერ, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავება გააპროტესტეს. აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ვახტანგ გომელაურის გადადგომას, ასევე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას პროპორციული სისტემით. პარლამენტის წინ სიტუაცია 20 ივნისს, დაახლოებით 22:00 საათზე დაიძაბა, მას შემდეგ, რაც დემონსტრანტები პარლამენტის შენობის შესასვლელისკენ დაიძრნენ. ხელისუფლებამ აქცია ძალის გამოყენებით დაშალა. პოლიციის გამოყენებული ძალის შედეგად დაშავდა ათეულობით ადამიანი. დაშავებულთა შორის არიან ჟურნალისტებიც. მედიის მიერ გადაღებული ვიდეოებით ჩანს, რომ სპეცრაზმელები რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს დამიზნებით ესროდნენ. დაშავებულთა ნაწილს დაზიანებები აქვთ თავისა და სახის არეში. ექიმების თქმით, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას რამდენიმე მათგანისთვის თვალის შენარჩუნების საკითხი. ხელისუფლება აქციის დარბევაზე და მოქალაქეების დაშავებაზე პასუხისმგებლობას აკისრებს ოპოზიციას და არ აპირებს მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებას. ოპოზიცია აცხადებს, რომ საპროტესტო აქციებს აგრძელებს.
20 ივნისს, საღამოს მომიტინგეების მხრიდან პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობას ძალოვანების მიერ ცრემლსადენი გაზის, რეზინის ტყვიებისა და წყლის ჭავლის გამოყენება მოჰყვა. ჯამში დაშავდა სულ მცირე, 240 მოქალაქე, რამდენიმემ თვალი დაკარგა.