"დოსიეს" გამოძიება: „პატრიოტთა ალიანსი“ კრემლისგან 8 მილიონს ითხოვს“

24-08-2020 17:45:08 პოლიტიკა

ორგანიზაცია "დოსიეს" მიერ წარმოებული გამოძიების მიხედვით, საქართველოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის კრემლი "პატრიოტთა ალიანსს" ეხმარება. კერძოდ, როგორც "დოსიე" აღნიშნავს, ორგანიზაციამ რუსული დაზვერვის გენერლის ვლადიმირ ჩერნოვის სამდივნოდან მოიპოვა სამუშაო დოკუმენტები, ანალიტიკური ანგარიშები, ფინანსური გათვლები, წინასაარჩევნო მეთოდოლოგიები და ოპერატიული ანგარიშები. თავის მხრივ ჩერნოვი, "დოსიეს" თანახმად, კრემლის ლიდერის სპეცწარმომადგენლის სერგეი ივანოვის უახლოესი გარემოცვიდანაა და სხვა ქვეყნებთან რეგიონთაშორისი და კულტურული კავშირების პრეზიდენტის სამმართველოს ხელმძღვანელობს..

როგორც "დოსიე" აღნიშნავს, დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ საქართველოში კრემლი „ფსონს“ სწორედ "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერებზე: ირმა ინაშვილსა და დავით თარხანმოურავზე დებს.

გამოცემის ცნობით, უკვე ჩამოყალიბებულია მრავალმილიონიანი წინასაარჩევნო ბიუჯეტი, დამზადებულია სააგიტაციო ვიდეორგოლები, დაქირავებულია პოლიტტექნოლოგი სერგეი მიხეევი მოსკოვური კომპანიიდან POLITSECRETS. მიხეევს გენერალ ჩერნოვის დაქვემდებარებული პირები - ФСБ-ს სათადარიგო პოლკოვნიკი ვალერი მაკსიმოვი და ГРУ-ს ოფიცერი ვალერი ჩერნიშოვი კურირებენ.

დოკუმენტები მიხედვით, ჯერ კიდევ წლის დასაწყისში პოლიტტექნოლოგმა სერგეი მიხეევმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაგზავნა "პატრიორთა ალიანსის" გაპიარების წინასწარი გეგმა.

ამონარიდი დოკუმენტიდან:

"პროექტის საერთო ღირებულება 700 ათასი დოლარია. ღირებულებაში შედის პროექტის ყველა ხარჯი, ფრენების, ტრანსპორტირების, ცხოვრების და ა.შ. ხარჯების ჩათვლით. თუ მიმღები მხარე მზადაა, საკუთარ თავზე აიღოს ზოგიერთი ხარჯი, შესაძლებელია, ამის ცალკე განხილვა.მნიშვნელოვანია ჯგუფის მონაწილეობა მეორე ტურში მაჟორიტარულ ოლქებში“.

ცენტრისთვის უცნობია, მიხეევის მიერ დასახელებული 700 ათასი დოლარის წარმომავლობა, თუმცა ცნობილია, რომ პატრიოტთა ალიანსის პიარ კამპანიას მოსკოვში დაფუძნებული კომპანია POLITSECRETS მართავს. ცენტრი, ასევე, ასაჯოროებს „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ გაგზავნილ წინასაარჩევნო ბიუჯეტს, რომელიც 4-თვიან პერიოდს მოიცავს. როგორც დოკუმენტებშია მითითებული კამპანიის ჯამური ღირებულება 8 მილიონ დოლარს აღემატება.

რაც შეეხება კომპანია POLITSECRETS-ს, მისი დამფუძნებელი პოლიტიკური მეცნიერების კანდიდატი ვერა ბლაშენკოვაა. „დოსიეს“ თანახმად, ბლაშენკოვას მიერ "პატრიოტებისთვის" გაგზავნილ ინსტრუქციებში ახსინილია, როგორ უნდა გააღვივოს პარტიამ საპროტესტო განწყობები და მიიმხროს გადაუწყევეტელი ამომრჩეველი. ბლაშენკოვას გზავნილების რამდენიმე მაგალითიც მოყავს:

თუ ხელისუფლებაში კვლავ ნაციონალური მოძრაობა და ევროპული საქართველო მოვა მოსკოვი ტურისტულ ნაკადს თურქეთისკენ მიმართავს, ამავდროულად მოსკოვი დააჩქარებს ცხინვალისა და აფხაზეთის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის პროცესს;

აშშ-სგან მატერიალური მხარდაჭერის მისაღებად ისინი დათანხმდებიან ექსპერიმენტებს არასრულწლოვნებთან, კერძოდ: ადრეულ სექსუალურ განათლებას და ტოლერანტული დამოკიდებულების გავრცელებას ლგბტ თემის მიმართ - აქვე ბლაშენკოვა წერს -"როგორც ვხვდებით ამ მესიჯს პატრიოტთა ალიანსი უკვე ისედაც ავრცელებს".

ინტრუქციებში საუბარია წინასაარჩევნო სტრატეგიის სხვა საკითხებზეც, როგორიცაა შუღლის და სიძულვილის გაღვივება სხვა ოპოზიციურ პარტიებს შორის და გაცემულია რამდენიმე რჩევა, სხვა ოპოზიციური პარტიების გასაშავებლად.

პარტიაში აღნიშნულის თაობაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.

განახლება

რვა მილიონიან ბიუჯეტზე იყო საუბარი. ეს არის აბსოლუტური აბსურდი. რვა მილიონი ბიუჯეტის განხილვა საერთოდ არ ყოფილა, - განაცხადა ინაშვილმა თემის კომენტირებისას.

ინაშვილის ვარაუდით, საგამოძიებო მასალებში რვა მილიონიან ბიუჯეტზე იმიტომ არის საუბარი, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ საარჩევნო ნომერი არის „8“.

"რვა მილიონიანი ალბათ, იმიტომ აიღეს, რომ ჩვენი საარჩევნო ნომერი რვა არის. ჩვენი საარჩევნო ნომერი 41 რომ ყოფილიყო, ალბათ, 41 მილიონიან ბიუჯეტს გაგვიანგარიშებდნენ და 41 მილიონს დაგვაბრალებდნენ, ხო?", - აცხადებს ინაშვილი.

მისივე თქმით, პარტია 4 ამერიკულ, 2 ებრაულ და მხოლოდ ერთ რუსულ საკონსულტაციო კომპანიასთან თანამშრომლობს.

ევროპული საქართველო“ გამოძიების დაწყებას ითხოვს.

„დღეს მედიით გავრცელდა საყურადღებო და შემაშფოთებელი ინფორმაცია, თუ როგორ ფინანსდება „პატრიოტთა ალიანსი“ რუსეთის ფედერაციის მხრიდან. კონკრეტული სქემაა გაშიფრული, როგორ ხდება მათი კურირება რუსეთის სადაზვერვო სამსახურების მიერ და როგორ ხდება მათთვის ფულის მიწოდება, როგორც ჩანს, იმ მიზნით, რომ „პატრიოტთა ალიანსი“ გაძლიერდეს და „ქართულ ოცნებას“ კოალიციური მთავრობა შეუქმნას“,– განაცხადა სერგი კაპანაძემ.

მისი თქმით, ქართული კანონმდებლობით უცხოეთიდან დაფინანსების მიღება აკრძალულია და გავრცელებული ინფორმაცია საკმარისია გამოიების დასაწყებად:

"ბუნებრივია, არ ველით, რომ „ქართული ოცნება“ ამას გამოიძიებს და თავის სატელიტ პარტიას – „პატრიოტთა ალიანსს“ პრობლემებს შეუქმნის იმიტომ, რომ როგორც ჩანს, ივანიშვილი ხვდება, რომ ამ არჩევნებში ის უმრავლესობას ვერ მოაგროვებს და მთელი იმედი იმაზე აქვს გადატანილი, რომ შემდეგ შექმნას კოალიციური მთავრობა ამ პრორუსულ ძალასთან. კარგად დავინახავთ, რამდენად მოახდენს ამაზე სუსი და მთავრობა რეაგირებას. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ მოსკოვიდან დაფინანსება და მათი კავშირები რუსეთთან პირდაპირ არის კავშირში „ქართული ოცნების“ პოლიტიკასთან".

ახალი ამბები

სხვა სიახლეები