შატილის ტურის ორგანიზატორი კომპანია: „ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან“
24/08/2020 18:07:49 სამართალი
ტურისტული კომპანია „თრეველერ.ჯი“ აცხადებს, რომ გამოძიებას ყველა დეტალს მიაწვდიან, რათა შატილში მომხდარი ტრაგედიის მიზეზი დადგინდეს.
კომპანია საკუთარ „ფეისბუქ“–გვერდზე სამძიმარს უცხადებს ავტოკატასტროფის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს, ახლობლებსა და მეგობრებს.
„განუზომელია სევდა რომელსაც ჩვენი გუნდი განვიცდით... გვჯერა, გადარჩენილი მგზავრები მალე გამოჯანმრთელდებიან“, - წერია კომპანიის პოსტში.
23 აგვისტოს შატილის გზაზე კომპანია „თრეველერ.ჯის“ მიერ დაქირავებული მიკროავტობუსი, რომელსაც ტურისტები გადაჰყავდა, 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. მიკროავტობუსში 20 პირი იმყოფებოდა. ავარიამ 17 ადამიანი იმსხვერპლა, მათ შორის გიდი და მძღოლი, სამი მგზავრი კი კრიტიკულ მდგომარეობაში საავადმყოფოში იმყოფება. დაშავებულების ასაკი 25–დან 35 წლამდე მერყეობს.
როგორც ცნობილია, ტურისტები დილის ხუთ საათზე თბილისიდან გავიდნენ და შატილიდან უკან საღამოს უნდა დაბრუნებულიყვნენ. არსებული ინფორმაციით, მიკროავტობუსს ტექდათვალიერება ჯერ კიდევ თვენახევრის წინ უნდა გაევლო.
25 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.


