ვაშაძე 24 წლის რუსუდან ახალბედაშვილის გაუჩინარების საქმის გამოძიების მოითხოვს
25/08/2020 09:06:44 სამართალი
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე პრემიერსა და შს მინისტრს ოთხი წლის წინ გაუჩინარებული 24 წლის რუსუდან ახალბედაშვილის საქმის გამოძიების მოთხოვნით მიმართავს.
ახალგაზრდა ქალის დედა საქმეში არსებულ ბუნდოვან გარემოებებზე საუბრობს. კერძოდ, მისი თქმით, გამოძიებას არ ამოუღია სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, მობილური ტელეფონი და პირადი კომპიუტერი.
ვაშაძემ სისტემის არაეფექტურობაზე გაამახვილა ყურადღება.
„ქვეყანაში არის უმძიმესი კრიმინოგენული მდგომარეობა და სამართალდამცავი უწყებები, პოლიცია, ფაქტობრივად, ჩამოშლილია. ქალბატონი ლალი ოთხი წელია, ითხოვს საკუთარი შვილის, 24 წლის გოგონას გაუჩინარების საქმის სრულფასოვან გამოძიებას. უამრავი კითხვა და ლაფსუსია, რომელიც არის ამ გამოძიებაში. უმძიმესი ტრაგედიაა ოჯახისთვის, როცა 24 წლის გოგონაა გაუჩინარებული და კიდევ უფრო დიდია ტრაგედია, როცა საქმეზე სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ასეთი დამოკიდებულებაა.
მივმართავ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, შინაგან საქმეთა მინისტრს, რა არის თქვენი ფუნქცია, თუ არა ასეთი საქმეები გამოიძიოთ?! დღეს საქართველოში ვერც ერთი ადამიანი საკუთარ თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობს, რადგან მსგავსი შემთხვევები ხდება. არ შეიძლება, პოლიცია არ იძიებდეს ადამიანების გაუჩინარების, მკვლელობისა თუ სხვადასხვა საქმეს. კიდევ ერთი კონკრეტული მაგალითი: ოთხი წელი აგერ ჩვენ ვსხედვართ და რამდენი კითხვა გვაქვს, სატელეფონო ზარები რატომ არ ამოიღეს, 112-ში ვინ დარეკა. ამ კითხვებზე პასუხი არ არის“, – განაცხადა ვაშაძემ გაუჩინარებული ქალის ოჯახთან ერთად გამართულ ბრიფინგზე.
24 წლის რუსუდან ახალბედაშვილი 2016 წელს გაუჩინარდა.


