ხოშტარიამ „პატრიოტთა ალინსთან“ დაკავშირებით გენპროკურატურას მიმართა
25/08/2020 10:04:51 სამართალი
ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატმა ელენე ხოშტარიამ „პატრიოტთა ალიანსის“ დაფინასებასთან დაკავშირებით გენერალურ პროკურატურაში განცხადება შეიტანა. საქმე „დოსიეს“ გამოძიებას ეხება. ხოშტარია ფიქრობს, რომ საკითხით პროკურატურა უნდა დაინტერესდეს.
“საგამოძიებო მასალა, რომელიც გახდა ცნობილი ჩვენი საზოგადოებისთვის, არის ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან დიდი დარტყმა და ძალიან დეტალურად და კონკრეტულად საუბრობს იმ დანაშაულზე, რომელსაც სჩადის “პატრიოტთა ალიანსი”. აქ არის ძალიან დეტალურ ინსტრუქციებზე საუბარი, თუ როგორ ავალებენ რუსეთიდან “პატრიოტთა ალიანსს” საქართველოში შუღლის გაღვივებას, სიძულვილის გაღვივებას, ანტიდასავლურ პროპაგანდას, ოპოზიციური პარტიების დაშავებას და რაც მთავარია, აქედან ასევე იგზავნება ადამიანების დოსიეები პირდაპირ კრემლში და ასევე, ამ ყველაფერში “პატრიოტთა ალიანსი” იღებს კონკრეტულ თანხებს. აქ არის ორ ეპიზოდზე საუბარი: ერთი 700 ათასი და მეორე 8 მილიონი მთლიანად საარჩევნო კამპანიაზე. არანაირი განცხადების შეტანა არ სჭირდება იმას, რომ პროკურატურა მსგავსი ინფორმაციის გამოქვეყნებისთანავე საგანგებოდ უნდა იწყებდეს გამოძიებას ძალიან ბევრი მუხლით”, - განაცხადა ელენე ხოშტარია.
მისივე თქმით, რუსეთი ბევრ ქვეყანაში ცდილობს საარჩევნო პროცესებში ჩარევას და საკითხი ეხება ქვეყნის უსაფრთხოებას, სადაც რუსეთს თავისი კონკრეტული ამოცანები აქვს.
“ეს რუსეთის მხრიდან ახალი არ არის. რუსეთი ძალიან ბევრ ქვეყანაში ცდილობს ჩაერიოს წინასაარჩევნო პერიოდში, თუმცა ქვეყნებში, რომელსაც ღირსეული მთავრობები ჰყავს, ამ საქმეზე მიდის ძალიან დეტალური გამოძიება. ჩვენ კარგად ვიცით, რომ “ქართული ოცნება” არაერთხელ იყო პირდაპირ ალიანსში “ პატრიოტთა ალიანსთან”. შეგვიძლია კონკრეტული ფაქტი გავიხსენოთ - სალომე ზურაბიშვილის მეორე ტურის წინ გაცხადებული მათი კავშირი და ერთად მოქმედება და ბევრი სხვა ეპიზოდი. გასაგებია, რომ ისინი მათი სატელიტები არიან, მაგრამ ეს საკითხი ეხება ქვეყნის უსაფრთხოებას, სადაც რუსეთს თავისი კონკრეტული ამოცანები აქვს. რუსეთის ამოცანაა ქვეყნის დესტაბილოზაცია, შუღლის გაღვივება და დასავლეთის დისკრედიტაცია. ამიტომ, რა თქმა უნდა, თუ თავად არ დაიწყეს გამოძიება მივმართეთ კონკრეტული მოთხოვნით, რომ ამ ანგარიშში მოყვანილ საზარელ ფაქტებზე დაიწყოს გამოძიება”, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
საკითხზე ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძემ შემდეგი სახის კომენტარი გააკეთა:
ჩემი პირადი პოზიცია მინდა გითხრათ და "ქართული ოცნების" პოზიციაც ეს არის, რომ ჩვენთვის მიუღებელია ნებისმიერი ძალა, რომელიც ოკუპანტ ქვეყანასთან არის რაიმე ფორმით ალიანსში, ან მისგან ფინანსდება. ეს პირველ რიგში კანონის დარღვევაა, მაგრამ ასევე მორალურადაც დაუშვებელი და წარმოუდგენელია, რომ ოკუპანტისგან ვინმე იღებდეს რაიმე დაფინანსებას და შემდეგ ვინმეს ჰქონდეს პრეტენზია, რომ ეს არის ქვეყნის სიყვარულით გაჟღენთილი პარტია. გამოძიება უნდა დაიწყოს თუ არა, ამას გადაწყვეტს პროკურატურა, ეს პროკურატურის დისკრეციაა".


