Accentnews.ge
ბაჩალიაშვილის დედის განცხადებით,  დეა კაპანაძეს გარკვეული სახის ინფორმაცია აქვს და მალავს

ბაჩალიაშვილის დედის განცხადებით, დეა კაპანაძეს გარკვეული სახის ინფორმაცია აქვს და მალავს

25/08/2020 15:07:09 სამართალი

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედის განცხადებით, მისი შვილის მეგობარს დეა კაპანაძეს გარკვეული სახის ინფორმაცია აქვს და მალავს.

„საქმის მასალებს გავეცნობი. უფრო იმიტომ წამოვედი, რომ დეა იკითხება აქ. წინა დღეებში სიცხე ჰქონდა, ნერვიულობამაც იცის სიცხეები. ჩემთან საერთოდ არ მოვიდა და არც შემეხმიანა. დედა და ძმა მომიგზავნა, თვითონ მოსვლის შეეშინდა ე.ი. რაღაცას მალავს და რაღაც იცის. დედამისმა მითხრა, უნდა მოვამზადოო ჩემთან შესახვედრად. როცა თამუნასთან ერთად მოდიოდა, მაშინ რატომ არ სჭირდებოდა მომზადება? არ ვიცი, რაღაცა იცის და მალავს. ადრე თუ გვიან გავიგებთ, მნიშვნელოვანია თუ უმნიშვნელო. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ რაღაცას მალავს და ჩემს შეგრძნებებს აქამდე არ უმტყუნია. დეას ჩვენებას უნდა გავეცნო და უფრო ამიტომ მოვედი. ხვალ ორმოცია, მე ამის დრო არ მქონდა, მაგრამ მაინც გადავდე ყველაფერი და წამოვედი“, – განაცხადა თეონა თამაზაშვილმა თბილისის პროკურატურაში მისვლისას.

ოჯახის ადვოკატის განცხადებით, საქმის მასალების გაცნობასთან ერთად, ისინი ექსპერტიზის დასკვნის თაობაზე გარკვეულ ინფორმაციას გამოძიებასთან შეაჯერებენ.

„საქმის მასალებს ვეცნობი. ველოდები იმ სამი ჯიპის მარშრუტის დადგენას – როგორ გადაადგილდებოდნენ, როგორ შეცვალა თავისი მარშრუტი და დაბრუნდა უკან, ჰქონდა თუ არა კვეთა თამუნას მარშრუტთან.

ამავდროულად, ექსპერტიზის დასკვნებთან დაკავშირებით გარკვეული პოზიციები შეიცვალა. ამის თაობაზე გამოძიებას საქმის კურსში ჩავაყენებთ, იქნება გარკვეული სიახლეები, რაც შეთანხმდება გამოძიებასთან და შემდგომ საზოგადოებას გავაცნობთ“, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

23 წლის პროგრამისტი თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ოთხდღიანი ძებნის შემდეგ იგი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ მაწევანის ტერიტორიაზე, დაუსახლებელ ადგილას, სამანქანო გზიდან რამდენიმე ათეული მეტრის დაშორებით მდგარ საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. საქმის გამოძიება თავდაპირველად თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის კვალიფიკაციით მიმდინარეობდა, ცხედრის პოვნიდან მეორე დღეს, 24 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილის საქმეს თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლიც დაემატა. ბაჩალიაშვილის ოჯახი შინაგან საქმეთა სამინისტროს არ ენდობა, არ სჯერა შვილის თვითმკვლელობის ვერსიისა და საქმის სრულად პროკურატურისთვის გადაბარებას ითხოვდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S