ახალი დეტალი მოზარდის თვითმკვლელობის საქმეში: „დისთვის უთქვამს, „პატრულის ნომერი ჩამაწერინეო“
26/08/2020 08:11:13 სამართალი
თერჯოლაში გარდაცვლილი 11 წლის ბიჭის ბებია მოზარდის მამისთვის წარდგენილ ბრალდებას არ ეთანხმება და სიძისთვის უმკაცრეს სასჯელს მითხოვს.
ამასთან, ირკვევა, რომ მოზარდი საპატრულო პოლიციის ნომერს ითხოვდა.
„დისთვის უთქვამს, „პატრულის ნომერი ჩამაწერინეო“... ნომრის ჩაწერა ვერ მოასწროო... „დაურეკე ბებიას, სამ–ოთხჯერ გაიაროს ჩემი სახლის წინო“, მაგრამ აღარ დასცალდა...“,– უთხრა ჟურნალისტებს გარდაცვლილი ბავშვის ბებიამ.
შეგახსენებთ, რომ 11 წლის მოზარდის ცხედარი საკუთარი სახლის ეზოში იპოვეს. ოფიციალური ვერსიით, მოზარდმა თავი მოიკლა. ბავშვის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით მამა დააკავეს. შსს–ს ცნობით, მამა შვილზე სისტემატიურად ძალადობდა, რამაც სავარაუდოდ, სუიციდი განაპირობა.
ადგილობრივებს აქვთ ვერსია, რომ ბავშვი მამას ცემაში შემოაკვდა და შემდეგ თვითმკვლელობის ინსცენირება სცადა. როგორც მოზარდის და ამბობს, შემთხვევამდე კაცი საკუთარ მეუღლეს და უფროს ქალიშვილს საბერძნეთში დაუკავშირდა, მათ ფულის გაგზავნა სთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაემუქრა, რომ შვილები ცოცხლები აღარ დახვდებოდნენ.
ირკვევა, რომ კაცი საბერძნეთში გამგზავრებამდე მეუღლეზეც ძალადობდა, თუმცა პასუხისმგებაში არ მიუციათ. თავად ძალადობის ფაქტის შესახებ ინფორმირებული იყო შსს. რაც შეეხება ბავშვზე ძალადობას, ამის შესახებ შსს–ში შეტყობინება არ შესულა და აღნიშნულის თაობაზე ნათესავებისა და მეზობლებისგან უკვე ტრაგიკული ფაქტის შემდეგ გახდა ცნობილი.


