გამოძიება: პირს საკუთარი საფლავის გათხრა აიძულეს
27/08/2020 08:40:17 სამართალი
საქართველოს პროკურატურამ თავისუფლების უკანონო აღკვეთის, ძალადობის და იძულების ფაქტზე ორ პირს ბრალი წარუდგინა.
პროკურატურის თანახმად, გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 22 აგვისტოს ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიზაბავრაში ორმა პირმა მოქალაქეს მოტივით, რომ ეღიარებინა ერთ–ერთის სახლიდან ფულის მოპარვა, თავისუფლება აღუკვეთეს, სცემეს და მისივე დამარცხვის მიზნით მიწის ამოთხრა აიძულეს.
აღნიშნული ორი პირი 25 აგვისტოს დააკავეს. მათ ბრალი ძალადობის, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა და იძულების მუხლებით წარედგინათ. რაც სასჯელის ზომად 7-დან 10 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.
პროკურატურამ ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა.
განახლება
ირკვევა, რომ სადავო თანხა 380 ლარია.
დაზარალებულის თქმით, ძალადობა სოფლის ყოფილმა რწმუნებულმა და მისმა მეგობარმა ჩაიდინეს.
ყოფილი რწმუნებულის ადვოკატი ამბობს, საფლავი შეშინების მიზნით თავად მოძალადემ გათხარა.
რეალურად დაზარალებულმა მოიპარა თუ არა თანხა, ამ ეტაპზე უცნობია და აღნიშნულ ეპიზოდზე გამოძიება მიმდინარეობს.


