ალექსეი ნავალნი და ჩაი, როგორც პუტინის სასიკვდილო იარაღი

27-08-2020 16:22:55 ანალიზი

გასულ კვირას პუტინის ძალადობრივმა რეჟიმმა მსოფლიოს ყურადღება კიდევ ერთხელ მიიპყრო. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და კრემლის აქტიური კრიტიკოსი, ალექსეი ნავალნი კომატოზურ მდგომარეობაში აღმოჩნდა. მისმა პრესმდივანმა კირა იარმიშმა განაცხადა, რომ ოპოზიციონერმა ჩაი დალია და მოიწამლა. ნავალნი ომსკის საავადმყოფოს ტოქსიკოლოგიური განყოფილების რეანიმაციაში მოათავსეს. მის სანახავად არც პირად ექიმს უშვებდნენ და არც მეუღლეს, რომელსაც საავადმყოფოს დაცვამ ქორწინების მოწმობის წარდგენა მოსთხოვა. საავამდყოფოს მხრიდან წინააღმდეგობა პოლიტიკოსის გერმანიაში ტრანსპორტირების მოთხოვნასაც მოჰყვა. ოფიციალურმა მოსკოვმა სახელმწიფო მანქანა აამუშავა და დროის გაყვანას ცდილობდა, რომ ნავალნის ორგანიზმში მომწამვლავი ნივთიერებების კვალი წაშლილიყო. საბოლოოდ, ალექსეი ნავალნი ბერლინში გადაიყვანეს, სადაც ექიმებმა დაადგინეს, რომ ის მოწამლულია.

ალექსეი ნავალნი პუტინის სპეცსამსახურების არც პირველი და არც უკანასკნელი მსხვერპლია. ხალხი იმაზეც საუბრობს, რომ მომწამვლავ ნივთიერებებს ვლადიმერ ლენინის მიერ 1921 წელს აშენებულ საიდუმლო ლაბორატორიაში ამზადებენ. ჯერ კიდევ „კაგებეს“ მზვერავი პაველ სუდოპლატოვი, რომელსაც სტალინის „ტერმინატორადაც“ კი მოიხსენიებენ, არასასურველი ფიგურების თავიდან მოშორების საუკეთესო გზად საწამლავის გამოყენებას მიიჩნევდა. პუტინის „ეფ-ეს-ბე“ კი საბჭოთა უშიშროების ერთგული მემკვიდრეა, ამიტომ რა გასაკვირია თუ ყოფილი „ჩეკისტი“ და ახლა ქვეყნის „განულებული“ პრეზიდენტი ყველას, ვინც მის ბინძურ საქმეებს საჯაროდ ამხელს ან უბრალოდ კრიტიკული სიტყვა წამოსცდება, სწორედ ამ გზით ებრძვის.

პუტინის ჩაის ისტორია:

2004 წელს „ეფესბეს“ ერთ-ერთ შენობაში ჩაის დალევის შემდეგ გარდაიცვალა პუტინის რეჟიმის ერთ-ერთ პირველ მსხვერპლი რომან ცეპოვი. ის ჯერ ანატოლი სობჩაკის დაცვის წევრი იყო, შემდეგ კი, ვლადიმირ პუტინს იცავდა. ექიმებმა ივარაუდეს, რომ ეს მოწამვლა იყო, თუმცა საქმე დღემდე ბურუსით არის მოცული.

ჟურნალისტი ანა პოლიტკოვსკაია რუსეთის პრეზიდენტის აქტიური კრიტიკოსი იყო, მან პუტინს „განსხეულებული ბოროტებაც“ კი უწოდა. “რატომ არ მიყვარს პუტინი? ცინიზმის, დაუსრულებელი ომის, სიცრუის, “ნორდ-ოსტში” გაშვებული გაზისა და უდანაშაულო ადამიანების გვამების გამო, რაც მუდამ თან ახლდა პუტინის პრეზიდენტობის პირველ ვადას. გვამების, რომელებიც შეიძლებოდა, არც ყოფილიყო”- ამბობდა პოლიტკოვსკაია. 2004 წელს, როდესაც ის როსტოვში მიფრინავდა, თვითმფრინავში ჩაი დალია და გონება დაკარგა. ჟურნალისტი მაშინ სიკვდილს გადაურჩა, თუმცა ორი წლის შემდეგ, მოსკოვის ცენტრში, თავის სადარბაზოში, ლიფტში გარდაცვლილი იპოვეს. ცხედართან ერთად პოლიციამ მაკაროვის ტიპის იარაღი აღმოაჩინა. მკვლელობის დამკვეთის ვინაობა დღემდე არ დაუდგენიათ.

2006 წელს „ეფესბეს“ ყოფილი ოფიცერი ალექსანდრ ლიტვინენკო მოკლეს. მან ლონდონის ერთ-ერთ სასტუმროში, რადიოაქტიური პოლონიუმით მოწამლული ჩაი დალია და რამდენიმე კვირის შემდეგ საავადმყოფოში გარდაიცვალა. გამოძიებამ დაასკვნა, რომ მკვლელობა „სავარაუდოდ, ნებადართული იყო“ თავად პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ. ბრიტანელი მოსამართლის რობერტ ოუენის დასკვნის თანახმად, „დიდი ალბათობით“, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის დავალებით ლიტვინენკო რუსეთის მოქალაქეებმა დმიტრი კოვტუნმა და ანდრეი ლუგოვოიმ მოკლეს.

2015 წელს მოსკოვის ცენტრში, კრემლთან ახლოს ცნობილი რუსი ოპოზიციონერი ბორის ნემცოვი მოკლეს. მას ტყვია ზურგში რამდენჯერმე ესროლეს. მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე ნემცოვი sobesednik.ru-სთან ინტერვიუში აცხადებდა, რომ შესაძლებელი იყო პუტინს ის თავიდან მოეშორებინა.

2015 და 2017 წლებში ოპოზიციონერ ვლადიმერ კარა-მურზას მოწამვლა სცადეს. საწამლავის სახეობის დადგენა ამ შემთხვევაშიც ვერ მოხერხდა, თუმცა ექიმებმა პაციენტის სისხლში ძლიერი მეტალების მაღალი შემცველობა აღმოაჩინეს.

2018 წლის 4 მარტს სოლსბერიში ნერვული აგენტით „ნოვიჩოკ“-ით რუსეთის დაზვერვის ყოფილი პოლკოვნიკი სერგეი სკრიპალი და მისი შვილი იულია მოწამლეს. დიდმა ბრიტანეთმა კრემლი მკვლელობის მცდელობაში ღიად დაადანაშაულა და პარტნიორ ქვეყნებთან ერთად 150-მდე რუსი დიპლომატი გააძევა. თავდასხმის შემსრულებლებად რუსი ჯაშუშები ალექსანდრ პეტროვი და რუსლან ბაშიროვი მიიჩნევიან. საინტერესოა, რომ გერმანიის გენერალური პროკურატურის აზრით, 2019 წელს ბერლინში საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის უკანაც რუსული სპეცსამსახურები დგანან.

2018 წლის 11 სექტემბერს ქიმიური ნივთიერებით მოწამვლის სიმპტომებით მოსკოვის საავადმყოფოში პანკჯგუფ Pussy Riot-ის აქტივისტი, პიოტრ ვერზილოვი გადაიყვანეს. ვერზილოვს და ამ სტატიაში ჩამოთვლილ სხვა ადამიანებსაც ერთი რამ აერთიანებთ-თითოეული პუტინის კრიტიკით იყო დაკავებული. ვერზილოვმა მკურნალობა გერმანიაში გაააგრძელა. ექიმების აზრით, ის მოწამლეს, თუმცა კონკრეტული ნივთიერება ვერ დადგინდა. მსხვერპლის მეუღლე ფიქრობდა, რომ ვერზილოვის მოწამვლა სავარაუდოდ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში რუსი ჟურნალისტების მკვლელობის საქმეს უკავშირდებოდა, რომელებიც კრემლთან დაკავშირებული სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ საქმიანობას იძიებდნენ. მათი მკვლელობის საქმის გამოსაძიებლად ვერზილოვი აფრიკაში გამგზავრებას გეგმავდა.

კრემლი მუდმივად უარყოფს გახმაურებულ საქმეებთან კავშირს. პოლიტიკური და პირადი ანგარიშწორების მიზნით რუსული სპეცსამსახაურების მიერ მოწამლული თუ მოკლული ადამიანების სია ძალიან გრძელია იმისთვის, რომ ვინმემ ოფიციალურ მოსკოვს დაუჯეროს. არაერთი სანქციის თუ მწვავე საერთაშორისო რეაქციის მიუხედავად, კრემლის პოტენციური მსხვერპლია ყველა, ვინც რეჟიმის წინააღმდეგ ხმას აიმაღლებს. ადამიანის სიცოცხლეს მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი „ტერორისტი“ პუტინისთვის არანაირი ფასი არ აქვს, არც ქვეყნის შიგნით და მითუმეტეს არც ქვეყნის ფარგლებს გარეთ. პოლიტკოვსკაიამ მას „განსხეულებული ბოროტება“ ტყუილად კი არ უწოდა.

ეკატერინე სალაყაია

ახალი ამბები

სხვა სიახლეები